ომბუდსმენის აპარატში დააზუსტეს, რომ ნიკა კაციას კონკრეტული საკვები რამდენიმეჯერ არ შეხვდა
განახლება:
სახალხო დამცველის აპარატში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ პატიმრობაში მყოფ ნიკა კაციას კონკრეტული საკვები რამდენიმეჯერ არ შეხვდა.
თავდაპირველად ნეტგაზეთს ომბუდსმენის აპარატზე დაყრდნობით ეწერა, რომ ნიკა კაციამ მათ წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ციხეში საჭმელს არ აჭმევენ.
თუმცა მასალის გამოქვეყნების შემდეგ ომბუდსმენის აპარატიდან ნეტგაზეთს დაუკავშირდნენ და დააზუსტეს, რომ კაციას მათ წარმომადგენლებთან დაფიქსირებული აქვს, რომ ერთი კონკრეტული საჭმელი რამდენჯერმე არ დახვდათ.
ნეტგაზეთის კითხვაზე, ამ კონკრეტული საჭმლის გარდა ჭამდა თუ არა ნიკა კაცია სხვა რამეს, სახალხო დამცველის აპარატში პასუხი არ აქვთ.
ნიკა კაციასთან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, დღეს, 24 იანვარს, მას შემდეგ შევიდნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ციხეში არასათანადოდ ეპყრობოდნენ.
კერძოდ, დაკავებული აქტივისტის, საბა სხვიტარიძის დედა, ლელა ახობაძე აცხადებს, რომ ნიკა კაცია, რომელიც გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება, რამდენიმე დღეა მშიერია.
„[ნიკა] კაციას სასამართლოზე მოვისმინე ასეთი რამე, რომ კაციას ციხეში ავიწროებენ. სამი დღის მშიერია ბიჭი. საკვები როცა მიდის ,მაინცდამაინც კაციაზე რომ არის გაცემა, მაშინ მთავრდება ეს საკვები. ჩარიცხულ თანხებს იყენებს მისი მესაკნე ვიღაც, რომელსაც ჰყავს დაჩაგრული და უკონტროლებს თითოეულ ჩეკს. მე-8 იზოლატორის ადმინისტრაციამ მიხედოს ამ საქმეს და გადახედოს ამ საქმეს და სახალხო დამცველმა. ამას მოებას თავი სასწრაფოდ, თორემ ყველა დედა დავდგებით ფეხზე. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვისი შვილი დაიჩაგრება, ყველა არის ჩვენი შვილი” ,- განაცხადა “მთავარი არხის” ეთერში ლელა ახობაძემ.
ინფორმაციას ნეტგაზეთთან უარყოფენ პენიტენციურ სამსახურში.
ნიკა კაცია, რომელიც პროევროპულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, 2024 წლის 7 დეკემბერს აქციისკენ მიმავალი ტაქსიში დააკავეს. მას პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცია ბრალს არ აღიარებს. ამჟამად მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული და გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.