ომბუდსმენის წარმომადგენლები კაციასთან შევიდნენ ციხეში მისი შესაძლო შევიწროების შესასწავლად
დაკავებული აქტივისტის, საბა სხვიტარიძის დედა, ლელა ახობაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტ ნიკა კაციას, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ციხეში ავიწროებენ.
ნიკა კაცია, რომელიც პროევროპულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, 2024 წლის 7 დეკემბერს აქციისკენ მიმავალი ტაქსიში დააკავეს. მას პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცია ბრალს არ აღიარებს. ამჟამად მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული და გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება.
კაციას მორიგი სასამართლო პროცესი გუშინ, 23 იანვარს გაიმართა. როგორც საბა სხვიტარიძის დედა აცხადებს, ის ნიკა კაციას პროცესს ესწრებოდა და სასამართლოში მოისმინა, რომ ის 3 დღეა მშიერია, რადგან ციხეში ავიწროებენ.
„[ნიკა] კაციას სასამართლოზე მოვისმინე ასეთი რამე, რომ კაციას ციხეში ავიწროებენ. სამი დღის მშიერია ბიჭი. საკვები როცა მიდის მაინცდამაინც კაციაზე რომ არის გაცემა, მაშინ მთავრდება ეს საკვები. ჩარიცხულ თანხებს იყენებს მისი მესაკნე ვიღაც, რომელსაც ჰყავს დაჩაგრული და უკონტროლებს თითოეულ ჩეკს. მე-8 იზოლატორის ადმინისტრაციამ მიხედოს ამ საქმეს და გადახედოს ამ საქმეს და სახალხო დამცველმა. ამას მოებას თავი სასწრაფოდ, თორემ ყველა დედა დავდგებით ფეხზე. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვისი შვილი დაიჩაგრება, ყველა არის ჩვენი შვილი” | განაცხადა “მთავარი არხის” ეთერში ლელა ახობაძემ.
ნეტგაზეთს პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, რომ ნიკა კაციასთან დაკავშირებით დარღვევებს არ ადასტურებენ.
„დამატებით, 24 საათიან რეჟიმში დაწესებულებებში ხელმისაწვდომია გენერალური ინსპექციისა და სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დარეკვის შესაძლებლობა და ყველა პატიმარს შეუძლია ნებისმიერ დარღვევაზე აცნობოს გენერალურ ინსპექციასა და სახალხო დამცველს“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.
სახალხო დამცველის აპარატში კი ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ნიკა კაციას მდგომარეობის გასაცნობად დღეს აპარატის თანამშრომლები მე-8 იზოლატორში შევიდნენ.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.