Jump to content
Planeta.Ge

ბაჩიაშვილი: ივანიშვილი მთავაზობდა, რომ „რუსთავი 2“ გამეფორმებინა


„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი მას სთავაზობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გაეფორმებინა. ბაჩიაშვილის თქმით, მან რამდენიმე კვირით ადრე იცოდა სასამართლოში „რუსთავი 2-ის“ საქმის დასრულების შესახებ, რადგან ივანიშვილი უკვე ეძებდა, ვისზე გაეფორმებინა ტელევიზია.

ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილთან სხვადასხვა პერიოდში პროკურორები და მოსამართლეები დადიოდნენ, მათ შორის მაშინ, როცა სასამართლო სისტემაში რეფორმა მიმდინარეობდა და მნიშვნელოვანი საქმეები განიხილებოდა.

„მე ვიყავი მომსწრე იმის, როდესაც ივანიშვილი იყო ხელისუფლებაში თუ არ იყო ხელისუფლებაში, პროკურორები და მოსამართლეები რა სიხშირით დადიოდნენ მასთან. შესაბამისად, მე ვიცი ზუსტად, რა სიხშირის და რა ინტენსივობის კომუნიკაცია ჰქონდა ივანიშვილს ამ ყველა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან და [ვიცი] მისი კონტროლის შესახებ. მე არ მეგულება არცერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომლის სახლშიც იკრიბებიან ყოველთვის მოსამართლეები იმ დროს, როდესაც ხორციელდება სასამართლო რეფორმები, იმ დროს, როდესაც მიმდინარეობს ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები, როგორიც იყო თუნდაც „რუსთავი 2-ის“ საქმე, თუნდაც სხვა საქმეები. პარალელურად, მე მთავაზობდა ივანიშვილი, რომ „რუსთავი 2“ ვითომ მე უნდა გამეფორმებინა, რაზეც მაშინ უარი ვუთხარი. გამოდის, მე ივანიშვილისგან რამდენიმე კვირით ადრე მქონდა ინფორმაცია, სანამ „რუსთავი 2-ის“ საქმე დასრულდებოდა, რადგან ის უკვე ეძებდა, თუ ვისზე გაეფორმებინა ეს ტელევიზია“, – თქვა ბაჩიაშვილმა „ტვ პირველთან“.

საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილება 2021 წლის 8 დეკემბერს გამოაცხადა. მოსამართლემ კომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა. დამფუძნებლები – დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი 2 -ის“ 60%-იანი წილის დაბრუნებაზე დავობდნენ. მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ და ძალაში დატოვა საქალაქო გადაწყვეტილება.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...