საერთაშორისო მედიებმა Julius Baer-ზე პრესრელიზის გამოქვეყნებაზე უარი თქვეს – ივანიშვილის ადვოკატი
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო მედიებმა უარი უთხრეს შვეიცარიული ბანკის, Julius Baer-ის „ქმედებების“ შესახებ პრესრელიზის გამოქვეყნებაზე.
Julius Baer არის კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკი, რომელსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აპირებს, რომ უჩივლოს.
როგორც ივანიშვილის ადვოკატი აცხადებს, ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი გარკვეულ კითხვებს აჩენს.
„დაინტერესებულ პირებს გვსურს ვაცნობოთ, რომ საერთაშორისო მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო კონსულტანტმა, როგორც კი გაეცნო ქართულ მედია სივრცეში გამოქვეყნებულ ინფორმაციას Julius Baer-ის ქმედებების შესახებ, განაცხადა, რომ გავრცელებული განცხადება იმდენად საინტერესო ინფორმაციას შეიცავდა, რომ პრესრელიზის ფორმატში განათავსებდა ერთ-ერთი ცნობილ საერთაშორისო მედია პლატფორმაზე და სხვა მედია საშუალებები შემდეგ აიღებდნენ ინფორმაციას აღნიშნული პლატფორმიდან.
მოგვიანებით მედია კონსულტანტმა გვაცნობა, რომ მედია პლატფორმამ უარი თქვა ინფორმაციის განთავსებაზე იმ მოტივით, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში Julius Baer-ის წინააღმდეგ და ინფორმაციის განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა. გვსურს გაცნობოთ, რომ უცხოელი ადვოკატების მიერ მიმდინარეობს სარჩელის მომზადება, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული და უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება შესაბამის სასამართლოში. აღნიშნული მოტივით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეულ კითხვებს აჩენს.
მედია კონსულტანტი შემდეგ დაუკავშირდა სხვადასხვა საერთაშორისო მედია საშუალებებს, თუმცა უარი მიიღო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე.
როგორც დაინტერესებული პირებისთვის არის ცნობილი, Credit Suisse-თან დაკავშირებითაც არსებობდა გარკვეული პრობლემები ინფორმაციის გამოქვეყნების მიმართულებით. გარკვეული ინფორმაცია ქვეყნდებოდა საერთაშორისო, მათ შორის, შვეიცარიულ მედიაში, მაგრამ, როდესაც ინფორმაცია ეხებოდა მენეჯმენტის ქმედებებს, მაშინვე ჩნდებოდა დაბრკოლებები“, – ნათქვამია ივანიშვილის ადვოკატის განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აპირებს, კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს – Julius Baer-ს – უჩივლოს.
ამის შესახები ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ლაშა კალანდაძე ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ივანიშვილს Julius Baer-ში გადატანილი ჰქონდა Credit Suisse-ისგან „გადარჩენილი“ აქტივების დიდი ნაწილი, მათ შორის ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები. სწორედ Credit Suisse-სთან ჰქონდა ივანიშვილს თავდაპირველად დავა.
როგორც ივანიშვილის ადვოკატი აცხადებს, თითქმის 6 თვის განმავლობაში Julius Baer ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხებისთვის განკუთვნილი ანგარიშების (თანხების ბრუნვის) შესახებ ინფორმაციას ზღუდავდა.
გარდა ამისა, ადვოკატის ცნობით, 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში Julius Baer, „ფაქტობრივად, დაემუქრა“, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის.
ამასთან, ივანიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ Julius Baer-მა „არასწორად (უფრო სათავისოდ) განმარტა“ ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად აღნიშნულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები.
დავა ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ს შორის, რომელსაც მილიარდერმა თავისი აქტივები ანდო, წლებია მიმდინარეობს სხვადასხვა იურისდიქციაში, კერძოდ, ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში.
ეს დავები ეხებოდა ბანკის წარმომადგენლის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ივანიშვილის კუთვნილი თანხების დაკარგვას საფონდო ბირჟაზე. 2018 წელს ლესკადრონი თაღლითობაში დამნაშავედ აღიარეს.
ივანიშვილის წარმომადგენლებმა „კრედიტ სუისთან“ კიდევ ერთი დავის დაწყების შესახებ საჯაროდ 2022 წლის მაისში განაცხადეს, ივანიშვილისთვის კუთვნილი თანხების არგადაცემის გამო.
ივანიშვილის მხარის თანახმად, ბანკი თანხის არგაცემას ჯერ „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკურ ვითარებით“, შემდეგ კი ევროპარლამენტის რეზოლუციით ხსნიდა, რომელშიც იყო მოწოდება ყოფილი პრემიერის სანქცირებისკენ.
პოლიტიკურ შანტაჟზე, „საქართველოს ომში ჩათრევის“ კონტექსტში, საუბრობდნენ მმართველი გუნდის წევრები და მხარდამჭერებიც.
ადვოკატის ცნობით, სინგაპურში მიმდინარე დავა Credit Suisse-ის წინააღმდეგ ივანიშვილისთვის წარმატებით დასრულდა. მისივე განცხადებით, ბერმუდაში მიმდინარე საქმე „წარმატებით არის დასრულებული პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში“ და საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნება 2025 წლის ზაფხულში.
ადვოკატის ინფორმაციით, შვეიცარიაშიც იწყება სამოქალაქო საქმეების განხილვა (შვეიცარიაში დავის საგანს წარმოადგენს იმ თანხების ანაზღაურება, რომლის კომპენსირება ვერ მოიცვა სინგაპურსა და ბერმუდაში მიმდინარე დავებმა).
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.