Jump to content
Planeta.Ge

საქართველოში მცხოვრები უკრაინელები დახმარებას ითხოვენ


საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ნაწილი პრემიერს დახმარებას სთხოვს. მათი სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მესამე თვეა, უშედეგოდ ელიან დაპირებულ ფულად დახმარებას.

"გაირკვა, რომ ეს შემწეობა, გაცხადებულის საწინააღმდეგოდ, არც სასტუმროში მცხოვრებებს მიუღიათ. მოგმართავთ ბატონ პრემიერ-მინისტრს და ყველას, ვისაც ეს კითხვა ეხება. ჩვენ მადლობელი ვართ იმისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენთვის, მადლობელი ვართ ქართველი ხალხის, მაგრამ გთხოვთ, განიხილოთ შეღავათების საკითხი. თქვენ თვითონ გესმით, რომ ჩვენს მდგომარეობაში, ჩვენი შვილებისთვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია", - წერია საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ მიმართვაში.

უკრაინელების ამ მიმართვას ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა სააგენტო განცხადებით პასუხობს და გაწეულ დახმარებაზე საუბრობს. სააგენტოს ინფორმაციით, დაიხარჯა 3 მილიონ ლარამდე, მათ შორის 1 800 000 ლარი სოციალურ დახმარებასა და ბინით უზრუნველყოფაში, 200 000 ლარი დროებით საცხოვრებლებში და დაახლოებით 800 000 ლარი სამედიცინო სერვისებში.

"პროგრამის განხორციელების პროცესში არანაირი შეფერხება არ არსებობს და დღეის მდგომარეობით, 2064 ოჯახს (4050 პირს) დახმარება უკვე გაეწია... 2022 წლის 25 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე 6 თვის ვადით გახანგრძლივდა უკრაინის მოქალაქეთა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა...

გამოქვეყნებულ წერილში მითითებული პიროვნებებიდან, სააგენტოს მხრიდან ფინანსური დახმარება სრულად მიღებული აქვს უკრაინის 10 მოქალაქეს, რომლებიც მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. სააგენტოს ყოველდღიური კავშირი აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათი მხრიდანაც დასტურდება, რომ უკრაინელი ლტოლვილების დახმარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს", - აღნიშნავს დევნილთა სააგენტო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, რომელიც 3 ოქტომბრის მდგომარეობას ასახავს, 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებიდან დარჩა 25 799 ადამიანი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...