ბერდია სიჭინავა - 20 ვინჩესტერის მოცულობის ინფორმაცია წაიღეს „შერატონიდან“, მათ შორის სასტუმროში მცხოვრები სხვა ადამიანების შესახებ - ალბათ, ყავისგან „დაზარალებული“ ზონდერი გვეყოლება - ჩვენ 4-5 პირი უკვე იდენტიფიცირებული გვყავს
უზარმაზარი პერსონალური ინფორმაცია იქნა წაღებული სასტუმრო „შერატონიდან“, მათ შორის სხვა სტუმრების პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია. ეს მიანიშნებს, რა საფრთხის მატარებელია ამ სასტუმროში გაჩერება. თუ მართლები არიან, თავდამსხმელებს რატომ მალავენ? მოვა დრო და ვისაუბრებთ, რა მოხდა. პარალელურ გამოძიებას ვატარებთ, დაახლოებით 4-5 ადამიანი იდენტიფიცირებული გვყავს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც სიჭინავამ აღნიშნა, ამ პირობებში, მოლოდინია, რომ რაღაც სიგიჟე დაიდგმება, თუმცა, გამოძიებას შანს აძლევენ, რომ „გამობრძანდნენ და ისაუბრონ, რაც მოხდა რეალურად“.
„თავიდან გვეგონა სამართალდამცავი ორგანოების ზეწოლის ქვეშ იყო სასტუმრო „შერატონის“ ადმინისტრაცია, რა მიზეზს არ იგონებდნენ. რეალურად კი თანამზრახველები აღმოჩნდნენ. თურმე, მთელი ეს დღეები ელოდებოდნენ პროკურატურისგან განჩინების მიღებას, რათა სერვერული ინფრასტრუქტურა, სადაც პერსონალური ინფორმაცია ინახება, ამოეღოთ და ხელმიუწვდომელი გამხდარიყო გახარიასთვის და საზოგადოებისთვის.
ეს კრიმინალური აქტი აღბეჭდილია ამ ვიდეოჩანაწერში. სტანდარტულ შემთხვევაში შემდეგნაირად ხდება: საგამოძიებო ორგანო მიდის შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის განჩინებით, იწერს სერვერებიდან ინფორმაციას, რომელიც მათთვის საინტერესო პერიოდს შეეხება და ამაგრებენ სისხლის სამართლის საქმეზე.
ადამიანები მივიდნენ და დაახლოებით 20 ვინჩესტერის მოცულების ინფორმაცია წაიღეს სასტუმროდან. გუშინ გავარკვიეთ, რომ სასტუმრო „შერატონს“ შუა დღის საათებში ნაყიდი ჰქონდა დაახლოებით 20 ვინჩესტერი, რათა ეს სერვერული ინფრასტრუქტურა გამართული ყოფილიყო. უზარმაზარი ინფორმაცია იქნა წაღებული, მათ შორის, უამრავი ადამიანის პერსონალური ინფორმაცია, ვინც სასტუმროში ცხოვრობდა და ცხოვრობს, სასტუმროს სტუმრებისაც. ეს მიანიშნებს, რა საფრთხის მატარებელია ამ სასტუმროში გაჩერება. ეს სასტუმრო არის კრიმინალური რეჟიმის მომსახურე სასტუმრო!
ამ სიგიჟეების შემოქმედია ივანიშვილი, რომელიც რეჟიმის მთავარ სახედ იქცა. მას ნიღაბი აქვს ჩამოცმული და ისე ძალადობს საკუთარი შვილის ტოლ მოქალაქეებზე. ახალგაზრდები ციხეში ჰყავს დამწყვდეული, მისი დავალებით სცემს, იტაცებენ რუსთაველის ქუჩებიდან, ტელეფონებს და ჯვრებს ართმევენ მოქალაქეებს, პირში აფურთხებენ, ამ ყველაფრის შემოქმედია ნიღაბჩამოცმული ივანიშვილი, რომელიც ახლა სადღაც იმალება. ალბათ, საკუთარი შვილებიც არ უყვარს. როგორ შეიძლება საყოველთაო ზიზღის ობიექტად აქციო ოჯახი. ამ პირობებში, მოლოდინია, რომ რაღაც სიგიჟე დაიგეგმება, პირველი, ალბათ, ყავისგან დაზარალებული ზონდერი შესაძლოა გვყავდეს. თუ მართლები არიან, თავდამსხმელებს რატომ მალავენ? თუ გახარია დაესხა თავს, რატომ იმალებიან ესენი? ჭუჭყიანი მორალის ადამიანები სად იმალებიან?! მოვა დრო და ვისაუბრებთ რა მოხდა. ორგანიზებულ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება. პარალელურ გამოძიებას ვატარებთ და დაახლოებით 4-5 ადამიანი იდენტიფიცირებული გვყავს. ველოდებით გამოძიებას, შანს ვაძლევთ გამობრძანდნენ და ისაუბრონ, რაც მოხდა რეალურად“,- აღნიშნა სიჭინავამ.
როგორც სიჭინავამ აღნიშნა, ამ ეტაპზე გიორგი გახარიას გამოძიებისთვის ინფორმაცია არ აქვს მიწოდებული გამოკითხვის ფორმატში, სამუშაო რეჟიმი კი არ შეუწყვეტია და მეორე დღესვე მართავდა სამუშაო შეხვედრებს.
„გიორგი გახარიას სამუშაო რეჟიმი არ შეუწყვეტია. მეორე დღესვე მართავდა სამუშაო შეხვედრებს. სამუშაო გრძელდება, უფრო შემართებით, ბევრად უფრო გეგმაზომიერად მივიყვანთ რეჟიმს იქამდე, რომ მოძალადე რეჟიმი საბოლოოდ დასრულდეს ამ ქვეყანაში, ივანიშვილის ტყვეები ციხიდან გათავისუფლდეს“, - აღნიშნა სიჭინავამ.
ამასთან, სიჭინავამ ევროპარლამენტში გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გაჟღერებული განცხადებების შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები „იმაზე ძვირი დაუჯდება ივანიშვილს და მის რეჟიმს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ“.
„ასეთი ბრუტალური გამოვლინება რეჟიმს დასასრულთან უფრო აახლოებს. გახარიაზე თავდასხმა არ არის კლასიკური ტიპის ოპოზიციონერზე თავდასხმა, ის არის ყოფილი პრემიერი. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ უსაფრთხო ამ ქვეყანაში არავინაა, მათ შორის არც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები. საქართველო არის საკითხი, რომელიც ევროპის დღის წესრიგიდან არ მოიხსნება. რეჟიმმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. ყველა ხვდება რომ ე.წ. ოცნების ხელისუფლებას ხელი ვერ ჩამოერთმევა. ესენი არიან პოლიტიკური კეთროვნები! პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები“,- აღნიშნა სიჭინავა.
ამასთან, ის ევროპარლამენტარ სერგეი ლაგოდინსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ევროპარლამენტის სხდომაზე აღნიშნა: „ირაკლი კობახიძევ და მიხეილ ყაველაშვილო, გეკითხებით, სადამდე ხართ მზად ესკალაციისთვის?“.
ბერდია სიჭინავას თქმით, აღნიშნულ განცხადებაში „არასწორი ადრესატი იყო დასმული, ვინაიდან იქამდე იქნებიან ყაველაშვილი და კობახიძე მზად, სანამ ბიძინა უბრძანებთ მათ“.
„ესენი არიან გალიაში ჩამწყვდეული თანამდებობის პირები. ივანიშვილი რეჟიმის გადასარჩენად ყველაფერზეა წამსვლელი“,- აღნიშნა სიჭინავამ.
გარდა ამისა, ბერდია სიჭინავამ ის ფაქტიც შეაფასა, რომ ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის. როგორც სიჭინავამ აღნიშნა, „ივანიშვილის დავები არ დამთავრდება, ვინაიდან ის ვაჭარია“.
„კოლექტიურ სიგიჟეშია „ქართული ოცნება“. ივანიშვილი არის ვაჭარი, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობს იმისთვის, რომ საკუთარი ფინანსური საკითხები მოაგვაროს. „გლობალური ომის პარტია“ თურმე ისეთი მძლავრი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომ შეერთებული შტატებიც ტყვედ ჰყავს აყვანილი, ბრიტანეთიც და ერთი ივანიშვილი ვერ დაამარცხა. წარმოუდგენელ სიგიჟეში გვაცხოვრებს. აჯერებს, ამ „სალაფავს“ აჭმევს საკუთარ პროპაგანდას. წარმოუდგენელია, მისი პრობლემებით იწყება და მთავრდება პოლიტიკური ცხოვრება ე.წ. პრემიერისთვის, პრეზიდენტისთვის... არ დამთავრდა ამის დავები, ფინანსები. ვაჭარია, რომელიც ვაჭრობს, არც ყაველაშვილის ბედი ადარდებს და არც კობახიძის. დარბის, ხან ქონებას აფორმებს, ხან შვილებს კომპანიებს ურეგისტრირებს. თუ არ ადარდებს ფინანსები, რას წივის და ტირის?! რა უბედურებაში გვაცხოვრებს“, - აღნიშნა სიჭინავამ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.