Jump to content
Planeta.Ge

მინსკის სასამართლომ რვა წლით პატიმრობა მუსაჯა ცნობილ გამომძიებელ ჟურნალისტ სატსუკს


მინსკის სასამართლომ რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა ცნობილ გამომძიებელ ჟურნალისტს, სიარჰეი სატსუკს, ბრალდებით, რომელსაც ბევრი უსაფუძვლოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს - იმ ფონზე, როცა ქვეყანაში გრძელდება რეპრესიები დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას პირობებში.

ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მოსამართლე სვიატლანა ბანდარენკამ განაჩენი გამოაცხადა 26 ოქტომბერს. პროკურორებმა გასულ კვირაში ითხოვეს სატსუკის დამნაშავედ ცნობა და მისთვის რვაწლიანი პატიმრობის მისჯა მექრთამეობისთვის, საზოგადოებრივი სიძულვილის გაღვივებისთვის და საქმიანობის ბოროტად გამოყენებისთვის. სატსუკი მთავარი რედაქტორია ვებსაიტისა "ეჟედნევნიკი".

ჟურნალისტის სასამართლო 23 სექტემბერს დაიწყო, ის დეკემბრის დასაწყისში დააკავეს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ მისი ბინა გაჩხრიკა. ბელარუსის უფლებადამცველი ორგანიზაციები მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.

სატსუკი ერთ-ერთია იმ 28 ბელარუსი ჟურნალისტისგან, რომლებიც დაპატიმრებული არიან, ბევრი მათგანი ციხეშია 2020 წლის აგვისტოს შემდეგ - ანუ მას მერე, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკა გამოცხადდა გამარჯვებულად, თუმცა უფლებადამცველები და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები კენჭისყრას გაყალბებულად მიიჩნევენ.

არჩევნების შედეგების გამოცხადებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები, რომელთა დროს ასობით მოქალაქე დააკავეს, ვრცელდება დამაჯერებელი ცნობები დაკავებულების წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ. რეპრესიებს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.

ლუკაშენკა, რომელიც 1994 წლიდანაა ხელისუფლებაში, უარს აცხადებს ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე, ოპოზიციის ბევრი ლიდერი დააპატიმრეს ან იძულებული გახადეს ქვეყანა დაეტოვებინა.

აშშ, ევროკავშირი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა უარს აცხადებენ არჩევნებში ლუკაშენკას გამარჯვების აღიარებაზე, არჩევნების გაყალბების და დემონსტრანტებზე ზეწოლის გამო ლუკაშენკასა და მის რეჟიმს დაუწესდა სანქციები.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...