ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი, რევაზ კაკულია თანამდებობას ტოვებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი რევაზ კაკულია თანამდებობას ტოვებს.
ეს ინფორმაცია მან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოსტთან ერთად გამოაქვეყნა.
“მადლობა საქართველო პატივისთვის, მემსახურა 12 წელი შენი ევროპული გზისთვის. ყველა შენი თაობის ისტორიული, ზნეობრივი, ორგანულ-ცივილიზაციური და აწ უკვე, კონსტიტუციური მისიისა და არჩევანის აღსრულებისთვის.
თავისუფალ და განვითარებულ ერთა ყველაზე მძლავრ კავშირში, შენი მაქსიმალურად სწრაფი და სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. სიცოცხლის, წინსვლის, ღირებულებებისა და კეთილდღეობის სივრცეში, შენი კუთვნილი ადგილის დამკვიდრებისთვის.
ღმერთია მოწმე, ბევრი რამ შევძელით, ამ გზაზე ბევრი ღირსეული ადამიანიც გავიცანი, გემსახურე კეთილსინდისიერად და დაუღალავად. ერთგვარ შემაჯამებელ ანგარიშზე, მომავალზე და გამოწვევებზეც მოგვიანებით.
მისია, არ ამოწურულა. სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო – ვემსახურები საქართველოს”, – წერს კაკულია სოციალურ ქსელში.
იმის პარალელურად, რომ ბოლო რამდნიმე კვირაში სახელწიფო სამსახურებიდან ათობით საჯარო მოხელე გაათავისუფლეს, ბევრი მათგანი, ძირითადად მაღალი თანამდებობის პირები, პოსტებს საკუთარი გადაწყვეტილებით ტოვებენ. ისინი ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებით და “ქართული ოცნების” რეპრესიული პოლიტიკით ხსნიან.
მაგალთად, ერთ-ერთი ბოლო, ვინც თანამდებობაზე უარი თქვა დიპლომატიური პასპორტის მქონე დავით ჩხეიძეა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სამსახურის დატოვების მიზეზად კი ასახელებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით, 2-დღეში განიხილა, მიხეილ კაველაშვილმა კი სხვა 27 კანონთან ერთად ხელი ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს მოაწერა.
დავით ჩხეიძე, რომელიც 20 წელზე მეტია საჯარო სამსახურში მუშაობს, ამ საკანონმდებლო ცვლილებებს აფასებს, როგორ “რეპრესიულ ზომას”. მისთვის მიუღებელია ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც საჯარო მოხელეს მთლიანად უქვემდებარებს ზემდგომს. ჩხეიძის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები შლის ზღვარს საჯარო სამსახურსა და პარტიულ დაქვემდებარებას შორის.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.