Jump to content
Planeta.Ge

კადიროვი უკრაინას რუსეთის ტერიტორიად აცხადებს და გამოდის მოწოდებით, მტრები დაწვან


ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამის არხში გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც უკრაინას რუსეთის ტერიტორიად აცხადებს და იმუქრება, რომ მტერს ტყვედ კი არ აიყვანს, არამედ დაწვავს.

"ჩვენი ტერიტორია არის არა მხოლოდ ზაპოროჟიე და ხერსონი, არამედ ჩვენი ტერიტორიაა ოდესა, კიევი, ხარკოვი, ყველა რეგიონი და მთლიანად უკრაინაა ჩვენი რუსეთის ტერიტორია", - აცხადებს კადიროვი ვიდეომიმართვაში.

 

 

კადიროვმა ისაუბრა უკრაინულ მხარეზეც, მათ "შაითანები" (ავი სულები) უწოდა და აღნიშნა, რომ "ჩვენ ამ შაითანებს ტყვედ არ ავიყვანთ, ჩვენ მათ დავწვავთ". კადიროვს არ დაუზუსტებია, მხედველობაში ჰყავს მხოლოდ უკრაინელი სამხედროები თუ უკრაინის ყველა მოქალაქე.

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერმა ასევე გააკრიტიკა მობილიზებული რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იარაღით, აღჭურვილობითა და სამხედრო ფორმით არასათანადო და ცუდი მომარაგების გამო ჩივიან. რამზან კადიროვმა მათ ურჩია, რომ იარაღი და ფორმა მტერს წაართვან. "იმ მხარეზე ჩვენს მტრებს იარაღიც აქვთ და კარგი სამხედრო ფორმაც. მათ ყველაფერი აქვთ. მათ უნდა წავართვათ და წავართმევთ კიდეც", - აცხადებს კადიროვი და დასძენს: "ჩვენ არ უნდა ვტიროდეთ, როდესაც ლოს ვჭირდებით, სახელმწიფოს და პრეზიდენტს ვჭირდებით".

რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვი მეორე დღეა მკვეთრ განცხადებებს აკეთებს მას შემდეგ, რაც დაუდასტურებელი ცნობებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად სკოლაში, სადაც კადიროველები იყვნენ განლაგებული, 40 ადამიანი დაიღუპა და ასამდე დაიჭრა.

 

25 ოქტომბრის ღამეს ჩეჩნეთის ლიდერმა ტელეგრამში "სუსტი" უწოდა რუსეთის არმიის საპასუხო მოქმედებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ იმ ტერიტორიების დაბომბვაზე, რომლებიც კადიროვს რუსულად მიაჩნია და მოუწოდა რუსეთის სარდლობას, "მიწისაგან პირისა აღგავონ უკრაინული ქალაქები".

კადიროვს გამოეხმაურა უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი და ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერს ურჩია, რომ "ვიდრე გვიანი არ არის", წავიდეს უკრაინიდან და იჩქერიის დამოუკიდებლობისათვის იბრძოლოს.

Edited by tvati

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...