Jump to content
Planeta.Ge

საკუთარ თავს მივუძღვნი ქვეყნისთვის თუნდაც ერთი აგურის დადებას — ლუკა ჯაბუას წერილი ციხიდან


ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ მოქალაქეებისგან რეჟიმის პატიმრებისთვის გაგზავნილი წერილების პასუხად მათე დევიძისა და ლუკა ჯაბუას წერილები მიიღო.

ლუკა ჯაბუას წერილიც, მათეს მსგავსად, ჯერ კიდევ ახალ წლამდეა დაწერილი და 30 დეკემბრით თარიღდება. ნეტგაზეთი წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო, ყველაფრისთვის, ბრძოლისთვის, გვერდში დგომისთვის, გამხნევებისთვის. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის…

მინდა გითხრათ, რომ წამით არ ვკარგავ შემართებას. თავი მაღლა მიჭირავს და ისეთი ძლიერი ვარ, როგორც არასდროს. წამით არ ვნანობ არაფერს და ყოველდღიურად მეტად ვრწმუნდები, რომ ეს ყველაფერი ღირს თავისუფლებისთვის და სამშობლოს სიყვარულისთვის.

სულ ვამბობდი, რომ თუ სამშობლოს სიყვარულისთვის გარკვეული გადასახადი უნდა დამიწესონ, მზად ვარ, გადავიხადო… მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ყოველდღიურად გარეთ დგას და დგას სიმართლის მხარეს. ასევე იმათ, ვინც უკანონოდ გამოამწყვდიეს საკნებში. ვიცი, არაფრის გეშინიათ, არც მე მეშინია და ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე! ახლა იმაზე ძლიერები და ერთიანები ვართ, როგორც არასდროს. მიყვარხართ და მეამაყებით ღირსეული ქვეყნის ღირსეულო შვილებო.

როდესაც ქართველი ხალხი ერთიანდება, მათ წინააღმდეგ ვერასდროს იზეიმებს უსამართლობა. ნაცრისფერი ხელისუფლება ცდილობს, ფერადი ბავშვები ნაცრისფრად შეღებოს. მაგრამ ჩვენ, ყოველდღიურად, ამ უსამართლობის ფერს ფერადად ვანგრევთ.

დედაჩემს სასამართლოზე ვუთხარი, რომ მის შვილს სიმართლისთვის სჯიდნენ და მადლობა დედას, რომ ის ამაყია. მადლობა, რომ სამშობლოს სიყვარული მასწავლა, რაც ყველაფრად ღირს. ჩვენ ზურგს გვიმაგრებს სიმართლე და წინაპართა, გმირთა შეძახილები. ამ უდიდესი ძალით აუცილებლად გავიმარჯვებთ, ნებისმიერ ფასად!

ყოველდღიურად თვალს გადევნებთ და ვიგებ ამბებს, როგორც შესაძლებელია და ვრწმუნდები, რომ ყოველდღიურად მეტად ვიზრდებით სახელმწიფოებრივად, კულტურულად და ვერთიანდებით, რაც ყველა ქართველის უდიდესი ოცნება და მიზანია. ვერას დაგვაკლებს ოთხი კედელი. ჩვენ ის ბავშვები ვართ, რომლებიც თავისუფლებაში დაიბადნენ, იციან მისი ფასი და ამას არაფრის დიდებით არ დათმობენ. ვამაყობ, რომ ვარ ამ ყველაფრის ნაწილი…

თეატრალურზე იმიტომ ჩავაბარე, რომ ვიცი, უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე დიდი იარაღი ხელოვნებით ნათქვამი „სიტყვაა“. და მინდა საკუთარი თავი მივუძღვნა ქვეყნისთვის თუნდაც ერთი აგურის დადებას. ამ შემართებით და ამ მუხტით ვარ თქვენთან და თქვენ გვერდით. ეს ყველაფერი მაძლიერებს და პირადად განცდილი უსამართლობის შემდეგ, მეტად დავრწმუნდი, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ დუმილი და თვალის დახუჭვა სამშობლოს ღალატის ტოლფასია. მე პირადად შევიგრძენი და დავინახე, თუ როგორ ყარს და როგორ გამოიყურება უსამართლობა…

ნურაფერზე იდარდებთ, მეგობრებო. სულით, გულით თქვენთან ვართ. ვართ მხნედ და ამაყად. მალე შევხვდებით!

„მუხლებზე მდგარ სიცოცხლეს ფეხზე დამდგარი სიკვდილი მირჩევნია.“

მიყვარხართ!

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.

გავიმარჯვებთ სახელოვნად!

მეამაყებით!

პ.ს. საერთო მოკითხვა მე და მათესგან: სხვა ყველაფერთან ერთად, ამ ამბებმა გაგვაცნო ძალიან ბევრი მაგარი პატრიოტი და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, ჩვენი თანამებრძოლები და სულიერი მეგობრები. ამ შემთხვევაში, სხვა დანარჩენთან ერთად, არის მათე დევიძე — უმაგრესი ადამიანი და პატრიოტი, რომელიც ახლა ჩემთან ერთად არის საკანში. გვინდა ორივემ დიდი სიყვარულით მოგიკითხოთ თითოეული თქვენგანი და იცოდეთ, რომ თქვენ გვერდში ვართ გამარჯვებამდე!

გვეამაყებით!

ლუკა ჯაბუა

30.12.2024


20 წლის ლუკა ჯაბუა 6 დეკემბერს, დილით ადრე, საკუთარ სახლში დააკავეს. მას „ქართული ოცნების“ სასამართლოზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას, მასში მონაწილეობას ედავებიან, ანდრო ჭიჭინაძესთან, ონისე ცხადაძესთან, რევაზ კიკნაძესთან, ჯანო არჩაიასთან, გურამ მირცხულავასთან, ვალერი თეთრაშვილთან, გიორგი ტერიშვილთან, ირაკლი ქერაშვილთან, რუსლან სივაკოვთან და სერგი კუხარჩუკთან ერთად.

ამ 11 ბრალდებულის საქმეების განხილვის დაწყება 5 მარტამდე გადაიდო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თითოეულ მათგანს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...