Jump to content
Planeta.Ge

„შერატონის“ მენეჯერის თქმით, გახარიასა და ქორიძეზე თავდასხმის სრული ვიდეომასალა შენახულია


ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მენეჯერი ადასტურებს, რომ ღამით პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ამსახველი ორივე ვიდეოჩანაწერი სრულად შენახულია. მისი თქმით, თავად ნახა ეს ჩანაწერები და მზად არიან მასალა საგამოძიებო უწყებებს გადასცენ.

„ეს არის სასტუმრო, რომელიც შორს არის პოლიტიკისგან. ჩვენი მხრიდან მოხდა ყველაფერი სწორედ, ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, რომელიც მოვიდა და მოახდინა გამოძიება. არაფერი წაშლილი არაა. ყველა ჩანაწერი არსებობს და რა თქმა უნდა, როგორც პოლიციას, ისე სხვა ნებისმიერ უწყებას გადავცემთ სასამართლოს მოთხოვნის. [ორივე ჩანაწერი] სრულად არის“, – თქვა მენეჯერმა ჟურნალისტებთან.

მენეჯერს ჰკითხეს რატომ დაალაგეს ტერიტორია, სადაც გიორგი გახარიაზე თავდასხმა მოხდა და იყო სისხლის კვალი, მისი თქმით, ეს იყო შესასვლელი და სტუმრები მოძრაობდნენ. ქალი ამბობს, რომ პოლიცია გამოიძახეს რომელიც ადგილზე ცოტა დაგვიანებით მივიდა, „თუმცა სხვა ნებისმიერი ნივთმტკიცება, რაც კი არსებობდა, ყველაფერი იქნა ამოღებული“.

მენეჯრს ჰკითხეს ტელეკომპანია „იმედის“ გავრცელებულ კადრებზე, მან თქვა, რომ ეს არ არის „შერატონის“ ჩანაწერი და ინციდენტს ვიღაც ქალი თავიდან ბოლომდე იღებდა.

მენეჯერი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სასტუმროს დაცვის უფროსი ადგილიდან გაიყვანეს და ამბობს, რომ ის სასტუმროში იყო დილის შვიდის ნახევრამდე.

ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ. „პუბლიკის“ ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. გიორგი გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, გახარიას ჰქონდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. ბათუმში მყოფმა პარტიის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა თქვა, რომ თავდასხმაში „ოცნების“ წევრები დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ, მისი თქმით, ვერ ამბობენ დანამდვილებით სხვა გვარებს.

გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...