აქციაზე დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი მოსამართლეს - თხოვნა მექნება, რომელიმე თქვენგანი 5 წუთით აქ დადგეს, აქ ყოფნა ფიზიკურად შეუძლებელია, ერთმანეთის ნახშიროჟანგს ვსუნთქავთ
თხოვნა მექნება, რომელიმე თქვენგანი 5 წუთით აქ დადგეს, აქ ყოფნა ფიზიკურად შეუძლებელია, ერთმანეთის ნახშიროჟანგს ვსუნთქავთ,- ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ირაკლი მიმინოშვილმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს.
ხუსკივაძემ დარბაზი მაინც არ შეცვალა. „ცხოველები ხომ არ ვართ, ადამიანები ვართ",- მიმართა მას კვლავ მიმინოშვილმა.
სწორედ მიმინოშვილი გახდა სხდომათა დარბაზში უჰაერობის გამო ცუდად. მისთვის სასამართლოში სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.
ადვოკატების თქმით, ექიმის დასკვნით, ის ცუდად სწორედ უჰაერობის გამო გახდა, რის გამოც დარბაზი უნდა შეეცვალათ.
„ბატონო მოსამართლე, რატომ გაქვთ ასეთი პრინციპული დამომიდებულება და ასეთი ჯინიანობა რატომ ხდება?!"- მიმართა ერთ-ერთმა ადვომატმა მოსამართლეს.
უფლებადამცველების თქმით, ეს დაკავებულების წამებაა და ისინი „ფიქრობენ ჰაერზე და არა არგუმენტებზე".
ამასთან, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ სხდომათა დარბაზში მყოფ ერთ-ერთ პოლიციელს ბოდიში მოუხადა, ვინაიდან ის შეეშალა და მასზე არასწორი განცხადება გააკეთა. ცოტა ხნის წინ, თუთბერიძემ განაცხადა, რომ დარბაზში, წინა რიგში მყოფი ერთ- ერთი პოლიციელი „ბანდის ორგანიზებული ჯგუფის წევრი და ახალგაზრდებზე მოძალადეა". სწორედ, აღნიშნულის გამო, მოუხადა მას ბოდიში.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.