დიმიტრი ცქიტიშვილი 3 პარტიის წერილზე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენ წერილი 1 კვირის წინ გავგზავნეთ - ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი ვერსია, რატომღაც ვერ მოხდა შეთანხმება, დღეს რაც ვნახეთ მათი წერილი, დიდწილად ჩვენი ტექსტია
ჩვენ წერილი დაახლოებით 1 კვირის წინ გავგზავნეთ, უბრალოდ ტაქტიკურად არ ვახმაურებდით - მათი [დანარჩენი ოპოზიციის] წერილის ძირითადი ნაწილი ჩვენგანაა გადატანილი, პირდაპირ წინადადებებია გადატანილი. ეს პლაგიატია, მაგრამ რადგან აკადემიური ნაშრომი არაა, პლაგიატს ვერ დავარქმევთ, - ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების არ ცნობის საკითხზე წერილის თაობაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა განმარტა, მათ წერილის საკუთარი ვერსია ოპოზიციურ პარტიებს გაუზიარეს, თუმცა ისინი ტექსტს არ დაეთანხმნენ. კითხვაზე, კონკრეტულად, რას არ ეთანხმებოდნენ ოპოზიციური პარტიები, ცქიტიშვილმა თქვა, რომ გახარიას პარტია წერილში მხოლოდ იმ საკითხებს ასახელებს, რაც ევროპის საბჭოს კომპეტენციაშია, სხვა პარტიებს კი, „ალბათ, უფრო ფართო მოთხოვნები უნდოდათ“.
„ჩვენი წერილი გაგზავნილია დაახლოებით 1 კვირის წინ, უბრალოდ, ტაქტიკურად არ ვახმაურებდით, რომ ცოტა ნაკლები დრო დარჩენოდა „ქართულ ოცნებას“ რეაგირებისთვის. დანარჩენებმა ეს ვერ გათვალეს.
ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი ვერსია, რატომღაც მათთვის მისაღები არ იყო და გადავწყვიტეთ, რომ დრო არ დაგვეკარგა და დაგვეწყო მუშაობა. ჩვენი ვერსია ახალ წლამდე დაიწერა. გავგზავნეთ, გავუზიარეთ, შევთავაზეთ. აღმოჩნდა, რომ დღეს რაც ვნახეთ მათი გაგზავნილი წერილი, დიდწილად ჩვენი ტექსტია, პირდაპირ გადატანილია აბზაცებიც კი. რატომღაც ვერ მოხდა შეთანხმება. არ ვიცი [რას არ ეთანხმებოდნენ]. ალბათ, უფრო ფართო მოთხოვნები უნდოდათ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დეტალური, სტრატეგიული წერილია ჩვენი. კონკრეტულად ეხმიანება მხოლოდ იმ საკითხებს, რომელიც ცალსახად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომპეტენცია და მისი ფარგლებია. ანუ, კონკრეტული საკითხები, რაც ჩამოთვლილია - ინსტიტუციური სისტემის მოშლა, სახელმწიფო მკაცრი კონტროლის დამყარება ყველა საგამოძიებო ინსტიტუტზე, ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები არჩევნებამდე და არჩევნების დროს გაყალბებები; არჩევნების შემდგომ დარბევები, წამება და ეს მიმართულებები; კანონები, რომელიც არჩევნებამდე იქნა მიღებული. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც მიგვაჩნია, რომ კონკრეტულად ამაზე უნდა ყოფილიყო ფოკუსირებული ჩვენი წერილი და მოთხოვნა ყოფილიყო ცალსახა, ზედმეტი მოთხოვნების გარეშე, რომ მათი მანდატების აღიარება არ მოხდეს. ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხია, ყველაფერი დანარჩენი შეიძლება მოვითხოვოთ, მაგრამ არ იყოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომპეტენცია. ამიტომ არ ღირდა ასეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება. ფოკუსირება უნდა ყოფილიყო იმაზე, რისი მანდატიც აქვს ევროსაბჭოს თავისი სტრუქტურიდან გამომდინარე. 4 თუ 5 იანვარსაა გაგზავნილი, მათ დღეს გააგზავნეს. ამასთანავე დაწყებული გვაქვს კომუნიკაციაც სხვადასხვა ჯგუფთან, რათა ეს საკითხი ბოლომდე იყოს მიყვანილი“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
„გახარია საქართველოსთვის“ მიმართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები. ამის შესახებ გახარიას პარტიამ წერილი გაავრცელა, რომელიც ევროპის საბჭოს გაუგზავნა.
„პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეას: არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები; მოითხოვოს მონიტორინგის კომიტეტის დეტალური ანგარიში; განსაზღვროს დემოკრატიული შესაბამისობის მკაფიო კრიტერიუმები; გააძლიეროს მონიტორინგის მექანიზმები ანგარიშვალდებულებისა და პროგრესის გასაკონტროლებლად“,- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
ევროპის საბჭოს მიმართ წერილი გაავრცელა დღეს 3-მა ოპოზიციურმა ძალამაც.
„ჩვენი მოთხოვნებია: ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება; ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“,- წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.