Jump to content
Planeta.Ge

მეტროს თანამშრომელი ადასტურებს კიკნაძის მონაყოლს, რომ ის არა ლისზე, არამედ სადგურში დააკავეს - რას ამბობს ადვოკატი


აქციების დროს დაკავებული რევაზ კიკნაძის საქმეში არსებობს მოწმე, მეტროს თანამშრომელი ქალი, რომელიც ადასტურებს, რომ აქტივისტი არა ლისის ტერიტორიაზე, არამედ მეტრო „უნივერსიტეტში“ დააკავეს. ქალის ვიდეოჩანაწერი „ტვ პირველმა“ გაავრცელა. ვიდეოში ქალი ამბობს, რომ ბიჭი სალარომდე არ იყო მისული, როცა მას ორმა პირმა მოკიდა ხელი და სადგურში არსებული პოლიციის ოთახში შეიყვანა.

ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ აქვთ ამ მოწმის გამოკითხვის ოქმი, გასაუბრების ოქმი და აპირებენ, ის სასამართლოშიც გამოიკითხონ.

მისი თქმით, პროკურორმა შეცდომა დაუშვა, დაკავებისთვის საჭირო განჩინება უფრო გვიან აიღო, ვიდრე სინამდვილეში დაკავება მოხდა, ამის გამო კი კიკნაძე ლისზე აიყვანეს.

„რევაზ კიკნაძის დაკავება მოხდა მეტრო უნივერსიტეტში, კლინიკიდან ჩამოდიოდა, უნდა გაეტარებინა ბარათი, ამ დროს დაიჭირეს და შეიყვანეს საპატრულოს ოთახში. ეს ხდება 09:30 საათიდან 10:00-მდე პერიოდში. ამის შემდგომ, რადგან პროკურორს ჰქონდა შეცდომა დაშვებული და ეს შეცდომა გამოიხატება იმაში, რომ პირი რომ დააკავო არსებობს ორი გარემოება სამართალში – გადაუდებლით დაკავება და განჩინებით დაკავება. განჩინებით დაკავება უფრო მყარი საფუძველია, ამიტომ განჩინება ჰქონდათ აღებული, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ პროკურორმა განჩინება უფრო გვიან აიღო, ვიდრე დაკავება განხორციელდა.

ანუ დაკავების დროს დამკავებელ პირს უფლება არ ჰქონდა, რომ დაეკავებინა.

ამის გამო რევაზ კიკნაძე აიყვანეს ლისზე, იქ 2-3 საათი აყურყუტეს. ამ დროის განმავლობაში არაადამიანურად ეპყრობოდნენ, ემუქრებოდნენ, ცოცხლად დამარხვით, ბოთლზე დასმით და ასე შემდეგ. ჩხრეკის ოქმი და დაკავების ოქმი გააყალბეს იმ ნაწილში, რომ ფაქტობრივი დაკავება მოხდა მეტროში, ჩხრეკა მოხდა მეტროში, მაგრამ დოკუმენტურად გააკეთეს ეს ყველაფერი, რომ ვითომ მოხდა ლისზე.

შესაბამისად, დაკავების საფუძველზე და ჩხრეკის საფუძველზე ჩატარებული ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედება ასევე დაუშვებელია, იმიტომ, რომ ძირი საგამოძიებო მოქმედება არის ყალბი“, – ამბობს ავსაჯანიშვილი.

„ტვ პირველისთვის“ გაგზავნილ წერილში კიკნაძე თავადაც ჰყვება იმავეს და ამბობს, რომ ლისზე მანამდე ცხოვრებაში ერთხელაც არ ყოფილა:

„მთელი 8 საათის განმავლობაში რატომღაც ყოველ წუთას მიმითითებდნენ მუქარით და შანტაჟით, რომ [აქციების] არარსებული ორგანიზატორები დამეწერა. გვარებიც თავად მითხრეს: გვარამია, ჯაფარიძე და ხოშტარია ჩაწერე, თითქოს ფულს გიხდიდნენ დღეში 500 ლარს, ფეიერვერკებს გირიგებდნენ, წინ დგომას და რაღაცების სროლას გავალებდნენ“, – ჰყვება ის „ტვ პირველთან“ წერილში.

კიკნაძე ამავე წერილში ამბობს, რომ პირველად თავში წამოარტყეს, ემუქრებოდნენ, რომ ცოცხლად დამარხავდნენ, ხოლო კრიმინალური პოლიციის შენობაში დაემუქრნენ „ბოთლზე და ე.წ. კლიზმაზე დასმით“.

ავსაჯანიშვილის თქმით, მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სურდათ, მიეღოთ მეტროში არსებული კამერების ჩანაწერები, თუმცა, უწყებამ ვადები გაუშვა და ჩანაწერები არ ამოიღო.

„5 პიროვნების სახელი და გვარი იცის რევაზ კიკნაძემ, რომლებიც არაადამიანურად ეპყრობოდნენ და არაადამიანური მოპყრობა არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსჯადი მუხლი, ასევე სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია დასჯადი ქმედებაა და ამაზე რეაგირებას ვითხოვდით. ასევე ვითხოვდით, როდესაც რევაზ კიკნაძე იმყოფებოდა დიღმის იზოლატორში, იქაც მის მიმართ განხორციელდა დანაშაული, აღნიშნული ასევე კამერებზეა გამოსახული და ამ კამერების ამოღებას ვითხოვდით.

არაფერი არ გააკეთეს. შესაბამისად, იკვეთება პირდაპირ სისტემურად ყველა რგოლის მიერ ჩართულობა, რომ მტკიცებულებების დაკარგვა ან გაყალბება მომხდარიყო“, – გვეუბნება ადვოკატი.

მისივე თქმით, მეტროს თანამშრომელი ქალის მონაყოლი, თუ რა ეცვა კიკნაძეს დაკავების დროს და როგორი ჩანთა ეკეთა, ზუსტად ემთხვევა ჩხრეკის ოქმში მითითებულს.

ავსაჯანიშვილი ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე საქმეების ფარგლებში, პოლიციელები ძირითადად ნიღბებით იყვნენ, ამ შემთხვევაში კი, კიკნაძემ 5 პირის ვინაობა დაასახელა, თუმცა ისინი გამოკითხვაზეც არ არიან დაბარებული.

რევაზ კიკნაძე 6 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...