EstLink 2-ის დაზიანებაში ეჭვმიტანილი ხომალდის ეკიპაჟის ნაწილი საქართველოს მოქალაქეა
ფინეთის ყურეში დივერსიაში ეჭვმიტანილი ხომალდის Eagle S ეკიპაჟის წევრები საქართველოს და ინდოეთის მოქალაქეები არიან. ფინური მედია YLE-ს თანახმად, გემის კაპიტანი დავით ვადაჭკორიაა.
ამის შესახებ 2024 წლის 27 დეკემბერს განაცხადა მომხდარის გამოძიების ხელმძღვანელმა, ფინეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კრიმინალური ინსპექტორმა სამი პაილამ.
ფინეთის ეროვნულმა საგამოძიებო ბიურომ (NBI) 2024 წლის დეკემბერში დააკავა ტანკერი Eagle S, რომელიც ეჭვმიტანილია ელექტროკაბელის, EstLink 2-ისა და ოთხი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაში.
2024 წლის 25 დეკემბერს წყალქვეშა ელექტროკაბელმა Estlink 2 მოულდნელი ავარია განიცადა, რის შედეგადაც ესტონეთსა და ფინეთს შორის ელექტროენერგიის გადამცემი სიმძლავრე 1,016 მეგავატიდან 358 მეგავატამდე შემცირდა.
იმავე დღის საღამოს, ესტონეთის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია კიდევ ოთხი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანების შესახებ: სამი ესტონეთსა და ფინეთს შორის და ერთი – ფინეთსა და გერმანიას შორის.
პოლიციის ვარაუდით, ხომალდმა Eagle S ზღვის ფსკერზე ღუზა ჩაუშვა და კილომეტრების მანძილზე განზრახ ათრია, რათა კაბელები დაეზიანებინა. 29 დეკემბერს ფინეთის კრიმინალურმა პოლიციამ განაცხადა, რომ წყალქვეშა გამოძიებების დროს ფსკერზე ღუზის კვალი იპოვეს. ის ასობით კილომეტრზე ჩანდა.
ამავე მედიის თანახმად, 2 იანვარს, ფინეთის ეროვნული გამოძიების ბიურომ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილია ჯამში 8 ადამიანი. მათ ხომალდის დატოვება აეკრძალათ. ხომალდი ახლა ფინეთის ყურეში, ქალაქ პორვუს პორტშია გაჩერებული.
NBI კითხავს ეჭმიტანილებს და ატარებს სხვა საგამოძიებო მოქმედებებს. ფინეთის საგამოძიებო ბირუო ვერ აკონკრეტებს გამოძიების დასრულების დროს, თუმცა, ამბობს, რომ ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება.
ფინური გამოცემა Helsingin Sanomat დავით ვადაჭკორიას ტელეფონით დაუკავშირდა. მან ვრცლად ლაპარაკზე უარი განაცხადა, მხოლოდ თქვა, რომ გამოძიებასთან თანაშრომლობენ. ასევე, მისი თქმით, გემის ეკიპაჟი თავს კარგად გრძნობს.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ Eagle S „რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია და წყალქვეშა კაბელის მწყობრიდან გამოსვლა „კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სავარაუდო თავდასხმების სერიის შემადგენელი შემთხვევაა“.
BBC-ის თანახმად, კრემლმა უარი განაცხადა კომენტარზე კაბელის დაზიანების საკითხთან დაკავშირებით და მას „ძალიან ვიწრო საკითხი“ უწოდა, რომელიც არ წარმოადგენს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განსახილველ თემას.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.