თანამშრომლების გათავისუფლებაზე პოზიციის დაფიქსირების გამო გამიშვეს - საჯარო მოხელე
კიდევ ერთი საჯარო მოხელე, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ხელმძღვანელი, ნათია ალიაშვილი წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„წელს 12 წელი მიხდებოდა რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობ. ბოლოს, 2 წელზე მეტი ვხელმძღვანელობდი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია. ჩვენი თანამშრომლობა 31 დეკემბერს, 1 წინადადებით, ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე სრულდება.
მატყობინებენ, რომ 1 თებერვლიდან გათავისუფალი ვარ.
აქ ალბათ კითხვა, რა მიზეზით მოხდა ჩემი გათავისუფლება უკვე როტორიკული იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ დეკემბრის თვეში ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების“ მიხედვით მივიღე უმაღლესი შეფასება, ასევე 12 წლის განმავლობაში არ მქონია ერთი გადაცდომაც კი. ვფიქრობ, რომ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების გამო გამათავისუფლეს”. – წერს ალიაშვილი.
ალიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ფორმით მსგავსი ფორმით თანამშრომლობა 1 თებერვლიდან დაასრულეს მის კოლეგებთან, ნინო ტყეშელაშვილთან და მორის ბარამიასთან.
მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ტყეშელაშვილი და განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსი მორის ბარამიაც წერენ, რომ მათაც მიიღეს მსგავსი შეტყობინება.
ბოლო დღეებში მრავალი საჯარო მოხელე აცხადებს, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე რამდენჯერმე ღიად დაემუქრა მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც გააპროტესტეს მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები. ბოლო პერიოდში მერიიდან გაათავისუფლეს მედიის ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, თაია მახარაშვილი,საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი, ლანა ქარდავა, ასევე შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორი გიგა სოფრომაძე.
პუბლიკა“ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხაურს დაუკავშირდა რათა მეტი დეტალი გაგვეგო გათავისუფლების მიზეზებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით პასუხი ვერ მივიღეთ, პასუხს მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.