აქტივისტები აცხადებენ, რომ ზუგდიდში აქციაზე სახის დაფარვის გამო მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს
„დროას“ აქტივისტი მარიამ სიჭინავა აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებებისადმი დაუმორჩილებლობის მიზნით 30 დეკემბერს ზუგდიდში აქციაზე დაიფარეს სახე და გამოიყენეს პიროტექნიკა, რასაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყება მოჰყვა.
„გუშინ აქციაზე რამდენიმე ადამიანი მოვედით ე.წ. ბალაკლავებით, რომელშიც მხოლოდ თვალი ჩანს. ადამიანები ამ ბალაკლავებს იყენებენ სიცივისგან თავდასაცავად. შუბლი, პირი რომ არ გაეყინოთ. მოვედით ბალაკლავებით, რა დროსაც ჩვენთან მოვიდა კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც განგვიმარტა, რომ ეს იყო სამართალდარღვევა და ჩვენს წინააღმდეგ იწყებოდა სამართალწარმოება, რაც ითვალისწინებდა 2000-ლარიან ჯარიმას აქციაზე ნიღბის ტარების გამო, რადგან ჩვენი ამოცნობა შეუძლებელი იყო. როცა მათ გვითხრეს, რომ ჩვენი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, მათ სახელებით მოგვმართეს, ჩემი სახელი იცოდნენ“, – ამბობს მარიამ სიჭინავა „მთავარ არხთან“.
სიჭინავამ სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელი მას განუმარტავს სახის დაფარვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნაა და მოუწოდებს, რომ ნიღაბი მოიხსნას, მარიამ სიჭინავა კი განმარტავს, რომ ის არ ემორჩილება არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონს.
„ზუგდიდმა ძალა აჩვენა კონსტიტუციას გაცდენილ პოლიციას, როცა მიუხედავად ამ ჯარიმისა გამოვიყენეთ პიროტექნიკა და ვაჩვენეთ, რომ არ ვაპირებთ არც დანებებას, არც გაჩერებას. ნებისმიერ ჯარიმაზე და რეპრესიულ კანონზე მიიღებენ უფრო ძლიერ წინაარმდეგობას“, – ამბობენ აქტივისტები „მთავართან“.
მარიამ სიჭინავამ სოციალურ ქსელში აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.
„ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღეს, 29 დეკემბერს ხელი მოაწერა და გამოაქვეყნა ცვლილებები ადმინისტრაციულ კოდექსში, რომლითაც აიკრძალა აქციაზე პიროტექნიკის და ლაზერის ტარება და სახის დაფარვა. გამკაცრდა ადმინისტრაციული სახდელები გზის გადაკეტვაზე, იერსახის დამახინჯებასა და ვანდალიზმზე, სამართალდარღვევა გახდა პოლიციის მიმსგავსებული უნიფორმის ან ატრიბუტიკის ტარება.
კანონით, აქციაზე ნებისმიერი საშუალებით სახის დაფარვა, ლაზერის ან მკვეთრი გამოსხივების სხვა ნივთის ქონა 2000 ლარით დაჯარიმდება, პიროტექნიკის ქონა კი – 5000 ლარით.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ კანონში შეტანილი ეს ცვლილებები რეპრესიულია და ადამიანის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.