Jump to content
Planeta.Ge

რაზე ისაუბრა გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ინტერვიუში


განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა TV პირველთან, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში მისი სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილებასა და აქციების ძალადობრივად დაშლის ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

ის აღნიშნავს, რომ ნოემბრის ბოლოს დაწყებული აქციები, რა დროსაც საპოლიციო ძალები მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მისთვის „წყალგამყოფი ხაზი” აღმოჩნდა.

„ბოლო მოვლენები ჩემთვის იყო ე.წ. წყალგამყოფი, ვერც ფიზიკურად, ვერც ემოციურად და მორალურად ამას ვეღარ გავუძელი. ამიტომ ვთხოვე ხელმძღვანელობას რომ დავწერდი პატაკს ოჯახური პირობების გამო წავიდოდი სამსახურიდან – ეს არის სტანდარტული ტექსტი”.

შაიშმელაშვილი, ასევე, ჰყვება, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ, მის მიმართ ხორციელდებოდა მუქარები, მათ შორის მცირეწლოვანი შვილების მისამართით.

„გაგრძელება მოჰყვა ამას ძალიან ცუდი, ამას მოჰყვა ფიზიკური ანგარიშსწორების, ლიკვიდაციის [მუქარა]. ჩხუბი მომივიდა. მე ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს და მით უფრო ვიცი, რაზე შეიძლება წასულიყვნენ ესენი და რა შეიძლება ეკადრათ. ეს იყო ერთგვარი გადაზღვევა და არა გამოწვევა ვინმეს ვინმესი […] ერთ-ერთი მოადგილე შემოვიდა და სცადა პროვოცირება [ხარებას მოადგილე]. ორი მოადგილეა, კურატორი მოადგილეა ჩემი მილერი ლაგაზაური და მეორე მირზა კეზევაძე. მე მილერისთან მქონდა ამაზე საუბარი, ავუხსენი. მერე მირზა შემოვიდა, მირზასთან მქონდა მე კონფლიქტი. მირზამ უთხრა მილერის, რომ მოგატყუაო და საიდან მოიტანა, არ ვიცი.

უბრალოდ რომ დავუფიქსირე, რომ კი, ეს პროცესები ჩემზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ის, რომ ჩვენი შვილების ტოლა ბავშვებს უმოწყალოდ ქუჩაში სცემენ და ამ ყველაფრის მონაწილე ვარ, აღარ მინდა უბრალოდ აქ მუშაობა, აქამდე ვიყავი, ვმუშაობდი თქვენთან ერთად, არცერთი ნაბიჯით უკან არ დამიხევია. კი, მოღალატე [მეძახეს] და შეურაცხყოფები იყო, კი, იყო [ფიზიკური ანგარიშსწორებაც], ვუჩხუბეთ.

სამწუხაროდ, არ დამთავრდა ამით, ამას მოჰყვა ზარები, რომ ჩავრთე ტელეფონი, თუკი ვინმე შეიძლებოდა ჩემთან დაეკავშირებინათ, ყველამ დამირეკა, პირდაპირი მუქარებიც და ირიბი მუქარებიც, შვილებზე განსაკუთრებით. ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ის, რომ ეს წლები მჯეროდა და მწამდა, რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა და პირველად გავაანალიზე ცხოვრებაში, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი ქვეყანაში, სადაც შეიძლება სამართალი ვერ ვიპოვო, ამიტომ ამ ინტერვიუს შემდეგ, ფრენა მაქვს და საერთოდ მივდივარ ქვეყნიდან”, – ამბობს ის.

მან ისაუბრა იმაზეც, რომ არ იცის, ვინ არიან „ჯინსებში ჩაცმული” ჯგუფები, რადგან ისინი არ არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

„დეპარტამენტში აქციების დროს ძირითადად ორი კატეგორიის დანაყოფები არიან წარმოდგენილი: ე.წ. რობოკოპები და დაკავების ჯგუფები. რობოკოპები ძირითადად მოქმედებენ კოლოფის შემადგენლობაში, რომელიც რუსთაველს წმენდს წყლის ჭავლის მანქანის გამოყენებით. ეს მეორე ადამიანები არიან დაკავების ჯგუფები. თუმცა, კადრებში მეც ვნახე, არიან, აგრეთვე, ჯინსებში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც გდდ-ის თანამშრომლები ნამდვილად არ არიან.

[…] მე გულწრფელად არ ვიცი, ეს ადამიანები ვინ არიან, არ ვიცი. ასეთი დეპარტამენტი არასდროს არ ყოფილა, ამ დეპარტამენტს სწავლებები რაც ჩატარებია და რაც გაგვივლია, მსგავსი რამ არ გაუკეთებიათ. არ ვიცი, ვინ არიან სახეზეც არ ვიცი. ერთი რაც ვიცი, არის ის, რომ ეს არ ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენას. დეპარტამენტის ამოცანა, რომ დევნა განახორციელო, თვითმიზანი არ არის, ჩემთვის წარმოუდგენელია, რატომ, რა მიზნით, თუ არა მიზანმიმართული ფიზიკური ანგარიშსწორება აქციის მონაწილეების”.

TV პირველთან ინტერვიუში შაიშმელაშვილმა აღნიშნა, რომ „არცერთი პოლიციელები ბრძანების გარეშე” არ მოქმედებს.

„არცერთი პოლიციელი ბრძანების გარეშე არ გაინძრევა. წერტილი. თუ არ აქვს კონკრეტული მითითება, კონკრეტული ამოცანა შეასრულოს, თუ არ აქვს მას მითითება, რომ დევნა განახორციელოს, არ გაეკიდება. იქ, შეიძლება იყოს ცალკეული გადაცდომა, რომელიმე პოლიციელმა, თანამშრომელმა გადაამეტოს ძალა, მაგრამ ჯგუფურად? მასიურად? მუდმივად?”.

მისივე თქმით, 2021 წლიდან სამართალდამცველები მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს აღარ ატარებენ, ხელისუფლება კი ცრუობს, როდესაც აქციებზე ჩადენილის გამოძიებაზე საუბრობს. შაიშმელაშვილი აღნიშნავს, რომ შიდა სამზარეულოში უკვე გადაწყვეტილია, რომ არავინ დაისჯება.

„ხელისუფლება იტყუება, არაფერი მსგავსი რამ არ ხდება, არანაირი გამოძიება არ ტარდება, არავინ არ იკითხება, არავინ არ დაიკითხება ამ ხელისუფლების პირობებში, პირველი – ვერ დააიდენტიფიცირებ, თვითონ სისტემაშიც შეიძლება არ იცოდნენ, ვინ არიან, იმიტომ, რომ არ ხდება მათი დაიდენტიფიცირება, არ არის სანომრე ნიშნები, არაფერი. ყველაზე მძიმე და კანონთან შეუთავსებელი ის არის, რომ ახალი წესები დააწესეს, გდდ-ის ცალკეული დანაყოფების გარდა, მთელმა შსს-მ მოირგო ნიღაბი, რაც არ შეიძლება. ყველას უკეთია ნიღაბი, რატომ? რისთვის სჭირდება ნიღაბი პოლიციელს, რომელიც იცავს სახელმწიფოს? რისთვის სჭირდება? რომ ვერ მოხდეს მისი დაიდენტიფიცირება და თუ იქნება ცალკეული ბრძანება, მას რომ მოქმედების არეალი გაეზარდოს.

შიდა სამზარეულოში ასე აქვთ, რომ არავინ არ დაისჯება. არა მარტო ჩვენს დეპარტამენტზე, მთლიანი შსს-ის დანაყოფებია, მსგავსი აქციების დროს უამრავი დეპარტამენტია ჩართული, არავის მიმართ არ განხორციელდება, პოლიციელს ამით ეუბნებიან, რომ შენ თუ ამას გამიკეთებ და დამეხმარები, მე ამით დაგიცავ, რაღაც მგლური, ქუჩის კანონები. ეს კანონმდებლობასთან, სახელმწიფოსთან, ინსტიტუციებთან კავშირში არ არის, ეს ანგრევს ინსტიტუციებს”.

მისივე განცხადებით, აქციებზე მოქმედების გეგმა თავად დაწერა, თუმცა ნოემბრის აქციების დაშლა ამ გეგმით არ მომხდარა.

„ის რაც ხდებოდა, არ ემსახურებოდა საზოგადოებაში წესრიგის აღდგენას და ეს იყო იმ აქციის მონაწილეთა მიმართ შიშის დათესვა, რომ დავუშვათ აქციაზე აღარ გამოსულიყვნენ მეორე დღეს. თუმცა 28-ში ხომ დაიწყო აქციაზე, პირველი წყლის ჭავლი ხომ 28-ში გამოიყენეს, მეორე დღეს უფრო მეტი ხალხი გამოვიდა, მესამე დღეს უფრო მეტი ხალხი. საპოლიციო ღონისძიება რაღაცად ხომ უნდა ეფუძნებოდეს, რაღაცის ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს. გეგმას მე ვწერდი მინისტრის დონეზე, მოქმედი გეგმა ჩემი გაკეთებულია, არა, ეს [დაშლა] სამწუხაროდ [არ ხდებოდა იმ გეგმით].

ბოლოს რასაც ვუყურებდი, ხალხი მიდის, თუნდაც 1000 კაცი იყოს, თუმცა იმ პერიოდში 10-15 ათასი ადამიანი იყო, მათ სჭირდებათ გონივრული დრო, რომ გადაადგილდნენ და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩიდან უცებ ჩამოცვივდნენ და პირდაპირ შევარდნა, დაკავება, ჩხუბი, ცემა [დაიწყეს]. ამის საჭიროება არ დგას, გზას უჭრი, ეს ადამიანი რჩება დამკავებელსა და კოლოფს შორის, ექცევა ალყაში, გასასვლელი არ აქვს”.

ამასთან, შაიშმელაშვილის ინფორმაციით, აქციაზე შეგზავნილი არიან „პროვოკატორები”, რომელთა მიზანით აქციის „დემონიზებაა”.

„აქციის მონაწილეებში ბევრჯერ იყო პოლიციელების მიმართ საგნების სროლა – მერე აქციის მონაწილეების დემონიზება ზუსტად მაგით ხდება. ესენი არ არიან აქციის მონაწილეები, ესენი არიან 500 და 1000-ლარიანი შეგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც სპეციალურად და მიზანმიმართულად ახდენენ გინებას, რაღაცები სროლას და სიბინძურეს, რომ მერე ამ რამდენიმე პიროვნებაზე მთლიანი აქცია აქციონ მახინჯად და დემონიზებულად”.

იგი აღნიშნავს, რომ აქციებზე ცემა არის მიზანმიმართული და არა ცალკეული პირების გადაცდომა.

„ეს ცემა არის მიზანმიმართული, არ იფიქროთ, რომ იცით, რა, ვიღაც ვერ გავაკონტროლეთ. ასეთი რაღაც არ ხდება, რომ ვერ გავაკონტროლეთ. ეს არის, რომ მოსახლეობაში, მოქალაქეებში ნიჰილიზმი დაითესოს, შიში დაითესოს. ალბათ, იმიტომ იყო თავიდან ასეთი აგრესიული, რომ მოლოდინი ჰქონდათ, 2-3 დღეში აქციები მოკვდებოდა, მაგრამ გაცილებით რთულად..”

შაიშმელაშვილმა ისაუბრა 5 ივლისის მოვლენებზე და თქვა, რომ თავიდან განსაზღვრული გეგმა არ განახორციელეს.

„გეგმა, რომელიც მივიტანეთ, გვქონდა, ის გეგმა არ ჩაუშვეს. არ აამოქმედეს, კი. სადაც გვყავდა ქვედანაყოფები განსაზღვრული, იქ არ დაგვაყენებინეს, იმ რაოდენობებით, რა რაოდენობებითაც უნდა ვყოფილიყავით და გვითხრეს, რომ ანდრია ჯაღმაიძესთან არის შეთანხმებული სიტუაცია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს.

შემდეგ ეს ქვედანაყოფები გადაგვაყვანინეს, ადგილმდებარეობა შეგვაცვლევინეს. [სამინისტროდან ამ გადაწყვეტილებას იღებდა] შალვა ბედოიძე. მან თქვა პირადად, რომ მასთან [ანდრია ჯაღმაიძესთან] გავლილი თემა. რომ დაგვირეკეს, რომ გვთხოვეს, რომ ჩავრთულიყავით ამოცანაში, ფიზიკურად ხომ უნდა მიხვიდე, იმიტომ, რომ იქ არსებული რესურსი აღარ ეყო, ფიზიკურად აღარ ეყო, რაოდენობრივად. სხვადასხვა წერტილზე გვყავდა. სულ 10-15 წუთში მოხდა ის, რაც მოხდა იმ პერიოდში. ჩვენი ქვედანაყოფები რომ მივიდნენ, სამწუხაროდ, უკვე ყველა ნაცემი იყო”.

5 ივლისზე შაიშმელაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „პუბლიკა” დაუკავშირდა ანდრია ჯაღმაიძეს, რომელმაც ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა და მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა:

„ჟურნალისტები მწერენ ტვ პირველზე გასული სიუჟეტის შესახებ. ახლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება”.

მან, ასევე, ისაუბრა, რომ დახმარების სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გადაეცათ მაღალი დაკვირვების საშუალებები, რომელსაც არ იყენებენ. ამის ნაცვლად, გარკვეულ შემთხვევაში, კონკრეტული ინფორმაციები დავით ქაცარავასგან გაუგიათ.

„გადმოგვეცა მაღალი დაკვირვების საშუალებები, რომელსაც აქვს ფუნქცია, დააკვირდეს მოწინააღმდეგეს შორ მანძილზე მაღალი გარჩევადობით, მათ შორის ღამე […] არ იყენებენ, არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ რუსეთზე დაკვირვება არ აწყობს არავის, რუსეთი არ გავაღიზიანოთ.

ეს ხალხი, ვინც ამაზე უნდა მუშაობდეს, სამწუხაროდ, სხვის Facebook-ებს უყურებენ, ვინ ვის მოუწოდა, ვინ ვის დაუკომენტარა, დაუგულა, მერე ამას „ასქრინშოთებენ” და შეაქვთ ხელმძღვანელობასთან. ძალიან ხშირად, მაგალითად, ქაცარავა დათოსგან დადებული ინფორმაციები ჩვენ გაგვიგია, ჩვენ არ გვქონია ინფორმაცია და იმისგან [გაგვიგია]”.

თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ დასმულ კითხვას, კერძოდ, ნოდარ მელაძის შეკითხვას, „იქ რომ ყოფილიყო ეფექტური მუშაობა, საპრევენციო ღონისძიებები გატარებულიყო, მივიდოდით იმ მდგომარეობამდე, როცა ტაძრის ეზოში მოკლავდნენ ადამიანს?”, შაიშმელაშვილი პასუხობს: „არ მოხდებოდა მსგავსი რამე, ფაქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა”.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...