ნენსი პელოსი - ყირიმი უკრაინაა, ჩვენ ყველა ვდებთ პირობას, რომ ვიდგებით უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით საბოლოო გამარჯვებამდე
ჩვენ ვუერთდებით დიდი შვიდეულის, ნატო-ს, ევროპელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს თავისუფალი მსოფლიოს ერთიანობის უტყუარ გზავნილში, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყირიმი უკრაინაა და ასამბლეის მონაწილეები დებენ პირობას, რომ იდგებიან უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით.
„ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგინო შეერთებული შტატების კონგრესი ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტზე. ჩვენ ვუერთდებით დიდი შვიდეულის, ნატო-ს, ევროპელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს თავისუფალი მსოფლიოს ერთიანობის უტყუარ გზავნილში, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. ეს პლატფორმა შეიქმნა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის დასრულებისა და უკრაინის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. ყირიმი უკრაინაა. ჩვენ ახლა ვიცით, რომ რუსეთის ქმედებები ყირიმში, უკრაინასა და თავად დემოკრატიაზე ყოვლისმომცველი თავდასხმის ერთ-ერთი განზომილებაა. გაუპატიურების, ბავშვების გატაცებისა და სხვა სისასტიკეების გამოყენება, როგორც ომის იარაღი, ცივილიზებული ადამიანური ქცევის ფარგლებს სცილდება. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ომის დანაშაულია. ჩვენ ყველა აქ ვდებთ პირობას, რომ ვიდგებით უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით, რათა ხაზი გავუსვათ მათ გამბედაობას ყირიმში და სხვა ტერიტორიებზე, რომელთა უკანონო ანექსია სცადა პუტინმა. ეს ასე იქნება საბოლოო გამარჯვებამდე“, – აღნიშნა ნენსი პელოსმა.
ხორვატიაში მიმდინარე საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობენ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებიც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.