სამსახურიდან გაათავისუფლეს ადიგენის საკრებულოს თანამშრომელი, რომელმაც „ოცნება" გააკრიტიკა
დღეს, 27 დეკემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, მიხეილ ბუცხრიკიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
გუშინ, 26 დეკემბერს, ბუცხრიკიძემ „ფეისბუქზე” დაწერა, რომ ემიჯნება „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, ასევე გმობს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას.
ერთი დღის შემდეგ ის საკრებულოდან გაუშვეს.
„დღევანდელი დღე გუშინდელი დღის გამოძახილი გახდა, გამათავისუფლეს თანამდებობიდან. ათ წელზე მეტია ჩემს ქვეყანას პირნათლად ვემსახურე. ჩემი განათლებით, პროფესიონალიზმით და რაც მთავარია, სუფთა ხელებით.
თანამდებობა და ხელფასი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის და არც ყოფილა, მთავარია საკუთარი ქვეყნის უანგაროდ სიყვარული. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს.
ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავე საჯარო სამსახურში, მადლობას გიხდით ყველა იმ დღისათვის, როდესაც ჩვენ ერთად, ერთ გუნდად, პატივისცემითა და ერთმანეთის დაფასებით პირნათლად ვასრულებდით სამსახურებრივ მოვალეობას”. – დაწერა მიხეილ ბუცხრიკიძემ.
25 დეკემბრის შემდეგ საჯარო სამსახურებიდან გაათავისუფლეს 10-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები, რომლებიც ღიად გამოხატავდნენ პროტესტს იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ” შეაჩერა ევროინტეგრაცია და იძალადა მოქალაქეებზე.
ასევე გაათავისუფლეს თბილისის და რუსთავის მერიის თანამშრომლები.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.