გიორგი გახარია - სამწუხაროა და ტრაგიკულია, როცა ქვეყნისთვის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი დასანქცირებულია აშშ-ის მიერ - ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ, ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა და შრომა გასაგრძელებელია
სამწუხაროა და ტრაგიკულია, როდესაც ქვეყნისთვის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი დასანქცირებულია აშშ-ის მიერ - ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ, ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა და შრომა გასაგრძელებელია, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის დასანქცირების გამო შეიძლება ხელისუფლება უფრო მკაცრ და ბრუტალურ ქმედებებზე გადავიდეს.
„მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ მოსალოდნელი იყო. საბოლოო ჯამში ეს არაფერს არ ნიშნავს იმ პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. აქ არაფერი სასიხარულო და საჟრიამულო არ არის. ჯერ ერთმნიშვნელოვნად გაუგებარია, ამით როგორ შეიცვლება რეჟიმის ქმედებები. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ახლა პროცესებს. სამწუხაროა და ტრაგიკულია, როდესაც ქვეყნისთვის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი დასანქცირებულია აშშ-ის მიერ. შესაბამისად მთელი ეს პოლიტიკური ბოლი, რომელსაც აყენებდნენ არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ, რომ ისინი ღირსებით მიდიოდნენ ევროკავშირში და 20 იანვრიდან დაალაგებდნენ ურთიერთობებს ყველასთან და ყველაფერთან, ეს ყველაფერი უკვე გაშიშვლდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს ჯერჯერობით. სამუშაო იქნება კიდევ ბევრი, ეჭვი მაქვს, რომ კიდევ უფრო მძიმე იმიტომ, რომ არ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ივანიშვილისთვის. უფრო მეტსაც გეტყვით, გარკვეულ წილად ამისთვის მზადაც გახლდათ.
ეს არის ორპარტიული გადაწყვეტილება და მისი უკან გაწვევის ალბათობა ძალიან დაბალია. მთავარია ეს გადაწყვეტილება როგორ შეცვლის „ქართული ოცნების“ მოქმედების მოდელს. ამას, რა თქმა უნდა, ექნება გავლენა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს გავლენა შეიძლება იყოს რეჟიმის კიდევ უფრო დამძიმება, ეს რეჟიმი შეიძლება კიდევ უფრო ბრუტალური გახდეს და უფრო მკაცრ ქმედებებზე გადავიდეს ან პირიქით გარკვეულ დათმობებზე წავიდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.
განცხადების თანახმად, "როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს".
ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, „შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის".
„ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანება №14024 მუხლი 1(a)(ii)(C)-ის საფუძველზე, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, ან მცდელობა გაუწევია ისეთი ქმედებებისა თუ პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი სარგებლისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.