Jump to content
Planeta.Ge

ზოოპარკში მიყვანილ ლომის ბოკვერს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს


ლომის ბოკვერს, რომლის ვიდეოც რამდენიმე დღის წინ ლაშა ბექაურმა გამოაქვეყნა, ხოლო შემდგომ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელთან ერთად თბილისის ზოოპარკში მიიყვანა, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ჟურნალისტმა ცირა გვასალიამ გაავრცელა.

ის წერს, რომ დღეს თავად იმყოფებოდა ბოკვერის მოსანახულებლად და, როგორც დირექტორი ზურაბ გურიელიძისგან გაიგო, თუ ლომს ზოოპარკში არ მიიყვანდნენ, ის მალე დაიღუპებოდა.

“მე რომ მივედი, კიდეც კნაოდა, მაგრამ თავს ევლებოდა ახალგაზრდა ვეტერინარი სანდრო ბაგათელია, რომელიც კუჭის არეს უმასაჟებდა, რომ შეკრულობა შეემსუბუქებინა. ბოკვერს ზოოპარკის ვეტერინარების 24-საათიანი ზედამხედველობა სჭირდება და ამჟამად დირექტორის კაბინეტშია განწესებული, რადგან ზოოპარკის ახალი ვეტ-კლინიკა ახლა შენდება თბილისის ზღვაზე”, – წერს ჟურნალისტი.

%E1%83%B0%E1%83%AF%E1%83%99%E1%83%9A.jpg

ფოტო: ცირა გვასალია

ნეტგაზეთი თავად ზოოპარკის დირექტორსაც ესაუბრა და მისი თქმით, ბოკვერი ახლა მის კაბინეტში იმყოფება და მეთვალყურეობის ქვეშაა. იგი ამბობს, რომ სანამ ბოკვერი პატარაა, მისი კაბინეტში ყოფნა შეიძლება, თუმცა  მისთვის განკუთვნილი ვოლიერი მალე უნდა აუშენონ.

“როდესაც ასე შემოყვანილი ცხოველები ხვდებიან ჩვენთან, მის წინა ისტორიას თავი რომ დავანებოთ, ყოველთვის რაღაც პრობლემები აქვთ ხოლმე. ჩვენ სერიოზული სამუშაო გვაქვს ხოლმე ყოველთვის. ბოკვერი ვერ იყო გუშინ კარგად, მაგრამ დღეს არის უკეთ.

ბოკვრის განთავსების შესახებ, რა თქმა უნდა, გეგმა არსებობს, მაგრამ ამ გეგმას სისრულეში მოყვანა და განხორციელება სჭირდება. ჯერჯერობით, ეს ბოკვერი იმყოფება ჩემთან, კაბინეტში. მით უმეტეს, იმიტომ, რომ გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მეთვალყურეობა სჭირდება. ამ მომენტში ჩემი კაბინეტი დაახლოებით რეანიმაციულ განყოფილებას ჰგავს. სანამ პატარაა, ჯერ შესაძლებელია ასე გვყავდეს, მაგრამ ძალიან მალე უნდა გადავიყვანოთ ვოლიერში. საბედნიეროდ, დროებითი ზამთრის ვოლიერი არის, რომელსაც ცოტა მოწყობა დასჭირდება. შემდეგ უკვე ავუშენებთ მისთვის განკუთვნილ ვოლიერს”, – ამბობს ზურაბ გურიელიძე.

%E1%83%A4%E1%83%92%E1%83%B0%E1%83%AF%E1%

ფოტო: ცირა გვასალია

გარდა ამ გახმაურებული შემთხვევისა, გურიელიძის თქმით, ქვეყანაში არალეგალურად მოხვედრილი სხვა ცხოველები ზოოპარკში ხშირად მიჰყავთ. მსგავსი ცხოველების მიღება ზოოპარკის ფუნქცია და მოვალეობა არ არის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის უარს იტყვის ცხოველების მოვლაზე, ქვეყანაში სხვა ინსტიტუცია არ არსებობს, რომელიც მათ მიიღებს.

“საკმაოდ ხშირია, როცა ცხოველები კონტრაბანდით შემოჰყავთ. თუ საზღვარზე გადმოჰყავთ, საბაჟოზე ჩამოართმევენ ხოლმე მათ ჩამომყვანებს და შემდეგ ხვდებიან ჩვენთან. მაგალითად, გვყავს მაკაკების წყვილი, რომელიც ასე მოხვდა ჩვენთან. ძალიან ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა, უნდა მიგვეღო თუ არა ეს (ლაშა ბექაურის) ლომი. ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა – ჩვენ რომ არ მიგვეღო, მაშინ რა? ნებისმიერი ცხოველი, რომელიც საზღვრის კვეთის შემდეგ ჩვენთან მოჰყავთ, ქვეყანაში არალეგალური გზით მოხვედრილია. ყველაზე ხშირად თუთიყუშები არიან ხოლმე. ერთადერთი ინსტიტუცია საქართველოში, რომელსაც ასეთი ცხოველების მიღება და მოვლა შეუძლია, ჩვენ ვართ. რეალურად, ეს ჩვენი ფუნქცია და მოვალეობა არ არის, მაგრამ ჩვენ რომ უარი ვთქვათ, მერე რა მოხდება?”, – აღნიშნავს ზოოპარკის დირექტორი.

ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ინსტაგრამზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პორშეთი ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობს და გვერდითა სავარძელზე ლომის ბოკვერი ჰყავს.

ნეტგაზეთმა მასთან დაკავშირებაც სცადა, რომ გაერკვია, თუ რა გზებით მოხვდა საქართველოში, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხებს.

26 დეკემბერს, ლაშა ბექაურმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც  ბოკვერს ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს გადასცემს, წარწერით: “ბოკვერი უკვე ზოოპარკშია”.

თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ბოკვერი ზოოპარკში ბექაურმა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ერთად მიიყვანეს. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესში სავარაუდოდ ჩართული იყო გარემოს დაცვის სამინისტრო.


საქართველოს სისხლის სამართლის 302-ე პრიმა მუხლის თანახმად, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ხოლო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე კვარტა მუხლის თანახმად, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...