Jump to content
Planeta.Ge

„ქოცური ნარატივი“, „აღვირახსნილი, ბინძური კამპანია“ - რა თქვეს საბიუჯეტო დაფინანსებაზე პარტიებმა


ცენტრალური საარჩევნო კომიისიის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საფუძველზე ბიუჯეტიდან დაფინანსების უფლება ექვსმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოიპოვა. ესენი არიან:

  • „ქართული ოცნება“
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“
  • „გახარია საქართველოსთვის“
  • „ლელო საქართველოსთვის“
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
  • „გირჩი“

რას ამბობს კანონი

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის 30-ე მუხლით, ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას იღებს პარტია, რომელმაც ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო. გათვალისწინებულია პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის 15 ლარის, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის − 5 ლარის ოდენობით.

კანონით, პარტიას უფლება აქვს, 1 თვის ვადაში უარი თქვას ამ დაფინანსების მიღებაზე. ამისთვის მან სათანადო წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიიდან არჩეულ დეპუტატთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა მანდატი და შეუძლებელია ამ რაოდენობის ადგილმონაცვლეებით შევსება.

ასევე, პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ წევრთა ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის  სხდომების ნახევარზე მეტს.

ამავე კანონის 31-ე მუხლის მიხედევით, საბიუჯეტო დაფინანსების სახით მისაღები თანხა პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხება ყოველთვიურად, პარტიის საბიუჯეტო დაფინანსების 1/12-ის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ ცესკომ მიმართვის საფუძველზე საარჩევნო სიები გაუუქმა სამ ოპოზიციურ კოალიციას. მათ პარლამენტსაც მიმართეს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის განცხადებებით, თუმცა „ოცნებას“ ამ განცხადებების განხილვა არ დაუწყია.

გახარიას პარტიას არც პროპორციული სიის ჩახსნის და არც მანდატების გაუქმების განცხადებით არ მიუმართავს.

საპარლამენტო სხდომებს „ოცნების“ გარდა არც ერთი პარტია არ ესწრება.

რა პოზიცია აქვთ პარტიებს

ცესკოს ცნობით, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა „კოალიციამ ცვლილებებისთვის“. სხვა პარტიებს უარის თქმის ვადა უკვე ამოეწურათ.

„ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო – აი ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს“, – დაწერა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე განმარტავს, რატომ არ თქვეს უარი დაფინანსებაზე.

მისი თქმით, არჩეული დეპუტატები ხელფასს არ იღებენ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა კი მაშინ შეჩერდება, როცა „ოცნება“ მათ მანდატებს შეუწყვეტს. ხაზარაძის თქმით, მანამდე ეს თანხა აქციაზე დაზარალებულების მხარდაჭერას მოხმარდება.

ამავე განცხადებაში მან გააკრიტიკა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის განცხადება და შეკითხვა დასვა მათ დაფინანსებაზე.

„პარტიის დაფინანსებაზე ატეხილი „ქოცური“ ნარატივის გამეორება ზოგიერთი ოპოზიციონერის მიერ, სხვა არაფერია თუ არა „ოცნების“ მესიჯბოქსში და სცენარში მონაწილეობა.

ახლა გეტყვით ჩვენს პოზიციას – ჩვენგან არჩეული დეპუტატების ხელფასები ჩახსნილია. რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ეს არის ბიუჯეტის თანხა და მისი გაჩერება მოხდება მომენტალურად, როგორც კი მანდატების გაუქმებაზე ჩვენი განცხადებები დაკმაყოფილდება. მანამდე კი, ამ თანხას მოვახმართ საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულების და სხვათა მხარდაჭერას, რასაც ისედაც ვაკეთებთ. პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ბიუჯეტის ფულს არანაირი კავშირი არ აქვს.

P.S. როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა, საიდან ფინანსდები! ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. არ მინდოდა ეს პოლემიკა, მაგრამ როცა „ოცნების” „მესიჯბოქსით” საუბრობ, დაე, ღიად გაირკვეს, ვინ ვინაა და ვის თამაშს თამაშობს. ან, ვის აწყობს ახლა „ოცნების” მიმართ ამერიკული შტურმის გადაფარვა და 29 დეკემბრის წინ ამომრჩევლის დაბნევა?!“, – დაწერა მამუკა ხაზარაძემ.

ამავე კოალიციაში შემავალი „თავისუფლების მოედანი“ აცხადებს, რომ არ მიიღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას და ეს კოალიციური შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა. ისინი მიესალმებიან ნებისმიერი დაფინანსების აქციაზე დაზარალებულთათვის გამოყენებას.

„ნათელია, რომ არც ერთი ოპოზიციური გაერთიანება, რომელმაც ბარიერი გადალახა, არ აღიარებს ჩატარებული არჩევნების შედეგებს. მისასალმებელია, რომ პოზიცია არჩევნებისა და პარლამენტის არალეგიტიმურობის შესახებ არ შეცვლილა“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძის არგუმენტაციას დაეთანხმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა.

„ქვეყნისთვის ამ ეგზისტენციალურად გადამწყვეტ მომენტში, ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მეტს უბრალოდ არ დავწერ“, – თქვა მან.

საკითხს უფრო ვრცლად გამოეხმაურა ანა წითლიძე და ხაზარაძის მსგავსად, „კოალიცია ცვლილებისთვის“ დაფინანსების საკითხს შეეხო:

„ცესკომ ოფიციალური წერილი გაუგზავნა ყველა პარტიას დაფინანსებაზე. ვიღაცებმა ჩათვალეს რომ უნდა ეპასუხათ, ჩვენ ჩავთვალეთ (სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც), რომ საერთოდ გვკიდია ცესკო რას მოგვწერს რამეზე და დავტოვეთ უპასუხოდ.

ახლა მეორე: ცესკო პარტიულ დაფინანსებას პარტიას მისცემს თუ არა, დამოკიდებულია შემდეგზე: თუ პარალმენტში შევა სიის გასული დეპუტატების ნახევარი – და არანაკლებ ნახევრისა. ანუ ნაცებიდან 16 გავიდა და აქედან 8 თუ არ შევიდა, დაფინანსება არ ექნება პარტიას. შესაბამისად, გავიდა ერთი თვე, პარტია არ შევიდა, დაფინანსება არ არის. ენმ-ს სია ჩახსნილი აქვს და უარი თქვა მანდატებზე. შესაბამისად, პარლამენტის შესვლას არ ვაპირებთ. ეს რა თქმა უნდა ამ თემის სპეკულაციის ავტორებმაც იციან. ისიც იციან, რომ რუსულ ფულზე მათგან საუბარი უხერხულია. ისევ ერთობის ხათრით არ განვავრცობ თორემ 88 ათასი ხელფასი გაღატაკებულ ქვეყანაში არაა ცუდი. თუ მაგაზეა, უფრო ვრცლადაც შეიძლება, ვის ოლიგარქის პარტიას გვეძახდნენ და ვის საიდან რა დაფინანსება ჰქონდა ამ არჩევნებზე“, – განაცხადა წითლიძემ.

„გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს, რომ საბიუჯეტო დაფინანსება ივანიშვილის მოწყალება არაა და ეს ფული ამომრჩეველს ეკუთვნის.

„რადგან აღვირახსნილ, ბინძურ კამპანიას ვადევნებთ თვალს, იძულებული ვარ, ასეთ მძიმე დროს, პარტიულ დაფინანსებაზეც მოვყვე რაღაც „ანა-ბანა“:

პოლიტიკური ფინანსები საერთოდ არ არის კავშირში ვინმესთვის ან/და რამისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებასთან; თუ კობახიძეს და „ოცნებას” ლეგიტიმაცია სჭირდება (რომელიც ვერასდროს ექნება) ისევ ასადს, მადუროს და ლუკაშენკოს „მიაწვეს“, „ოპოზიციიდან” კიდევ სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილ მაჭარაშვილს;

საბიუჯეტო დაფინანსება არ არის ივანიშვილის მოწყალება, რომლის ბენეფიციარიც ბევრი „ოპოზიციონერი” ყოფილა წარსულში და როგორც წყაროზე ამბობენ, ზოგიერთები არც ახლა უჩივიან ბედს;

ბიუჯეტიდან ეს ფული ეკუთვნის ჩვენს ამომრჩეველს, მისი მოპოვებულია და მხოლოდ ამ ადამიანების გადასაწყვეტია რა და როგორ იქნება – მხოლოდ მათ წინაშე აქვს პარტიას პასუხისმგებლობა – ეს არ არის პარტიაში ვინმეს ხელფასი და პრივილეგია;

ერთადერთი პარტია ვართ, რომლის უკან არასდროს მდგარა ოლიგარქი, მსხვილი კაპიტალი, უჩინმაჩინები, ტელევიზიები, ჭუჭყიანი და გაუმჭვირვალე ფული, აქამდე მოვედით სუფთა ხელებით, ანგარიშებზე არსებული ყადაღებით, რომელიც რამდენიმე წელია გვადევს, მაგრამ ამის მიუხედავად არ დაგვიხრია თავი რეჟიმთან ბრძოლაში, რომელიც განსაკუთრებით დევნიდა და ავიწროებდა ჩვენს პარტიას.

არ გვაქვს არავის წინაშე ფარული ვალდებულებები და ჩვენს პოლიტიკაზე ვერავინ ვერასდროს მოახდენს გავლენას – ესაა ჩვენი ძალა – ღიაობა და გამჭვირვალობა, რაც თითოეულ ჩვენს თანაგუნდელს ეამაყება და აძლიერებს ამ უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ სახელოვნად – სუფთა ხელებით.

თქვენს თავს დაუსვით ერთადერთი შეკითხვა, ვისაც ახლა განხეთქილებისა და ძირითადი საკითხიდან ყურადღების გადასატანად შემოაქვს ეს თემა, კობახიძის ინტერვიუს დაათრევს საკუთარ კედელზე და მნიშვნელობას სძენს და აძლიერებს მის ისტერიულ ბოდვებს ლეგიტიმაციაზე, შემთხვევით ხომ არ აღძრავს ეჭვებს კეთილსინდისიერებაზე?!

და ბოლოს, ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, ამ ბრძოლას ბუნებაში ვერავინ და ვერაფერი დააზიანებს, ხალხის გამარჯვება არის გარდაუვალი!“ – წერს სიჭინავა.

არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების დაფინანსებასა და განცხადებების შესახებ ჰკითხეს „ოცნების“ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს.

კობახიძის აზრით, დაფინანსების მიღებით სამმა ბარიერგადალახულმა და დამატებით ორმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები.

მან კვლავ გაიმეორა კონსპირაციული მოსაზრება, რომ ამ პარტიებს „პატრონები“ ჰყავთ, რომლებმაც ისინი „მძიმე მდგომარეობაში“ ჩააგდეს.

„ერთი პარტია ამბობს ერთს, დანარჩენები სხვას, სრული შეუთანხმებლობა, ერთი კვლავაც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ყველა დანარჩენმა კი აღიარა.

ეს ყველაფერი არის იმ არათანმიმდევრული ნაბიჯის ბრალი, რომელიც მათ გადადგეს. მათ სცადეს რევოლუციის მოწყობა ძალადობრივი მეთოდებით, ჩაუვარდათ და ახლა არიან აბსოლუტურად დეზორიენტირებულები, ეს არის მათი არათანმიმდევრული ნაბიჯების მიზეზი“,- განაცხადა მან.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...