ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საკრებულოს 5 ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები კახა კალაძეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იბარებენ
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს 5 ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს 31 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იბარებენ.
პარტია „ლელოს” დეპუტატის საბა ბუაძის თქმით, ეს არის საკმარისზე მეტი დრო, რომ კალაძემ აღნიშნული ცნობად მიიღოს და გამოცხადდეს.
„სამარცხვინოა ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ტრაგედიის შემდგომ არსებულ კითხვებს გაურბის და იმისათვის, რომ გაექცეს კითხვებს, არღვევს კანონს, პოლიციის კორდონის თანხლებით ატარებს თბილისის მთავრობის სხდომას და ამ ფორმითაც არღვევს კანონს. მაგრამ, ჩვენ უნდა ვიყოთ პირნათელები თბილისელების წინაშე და დავსვათ კითხვები უსაფრთხოებაზე, კორუფციაზე”, - აღნიშნა ბუაძემ.
მისივე თქმით, უდაბლესი პოლიტიკური კულტურის გამოვლინებაა კალაძის გუშინდელი განცხადება, როდესაც მან აღნიშნა, რომ მაშინ მივა საკრებულოში, როცა თავად ჩათვლის ამას საჭიროდ.
“ჩვენ ყველა შემთხვევაში ვგეგმავთ, რომ ეს სხდომა ჩატარდეს და მიიღებს თუ არა "ქართული ოცნება" მონაწილეობას ამ რიგგარეშე სხდომაში, ეს გამოჩნდება. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მათ ინტერესში უნდა იყოს, რომ ეს კითხვები დაისვას საკრებულოს გავლით. საუკეთესო შემთხვევაში ასეთი ტიპის სხდომების ინიციატორი თავად უმრავლესობა უნდა იყოს, მაგრამ კარგად ვხედავთ როგორ ჩამოშლილია ანგარიშვალდებულების სისტემა”, - აღნიშნა ბუაძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, სოფიო ჯაფარიძის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათ აქვთ კითხვები, არის თუ არა თბილისი უსაფრთხო ქალაქი და შეუძლიათ თუ არა მშობლებს უსაფრთხოდ გაუშვან საკუთარი შვილები გარეთ.
“ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენ დღეს ყველას გვაქვს ძალიან დიდი შიში. ჩვენ, საკრებულოს გვაქვს უფლება დავიბაროთ მერი და დავუსვათ მას ბევრი კითხვა, იმიტომ, რომ შეუძლებელია დღეს, ამ ვითარებაში გავაგრძელოთ ცხოვრება”, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, მერი ვალდებულია, მივიდეს საკრებულოში და გასცეს ყველა კითხვას პასუხი.
"გელოდებით, ბატონო კახა საკრებულოში, რათა ყველა იმ კითხვას გაეცეს პასუხი და მშობლებს ჰქონდეთ სიმშვიდე, რასაც ჩვენი მოქალაქეები ნამდვილად იმსახურებენ”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.