Jump to content
Planeta.Ge

პროფკავშირების გაერთიანების გამგეობის სხდომის პარალელურად, შენობასთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა


საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გამგეობის სხდომის პარალელურად, შენობასთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც „პუბლიკასთან“ საუბარში ერთ-ერთი დაშავებული, გიორგი კობახიძე ამბობს, დაპირისპირება გამგეობის სხდომაზე დასწრების გამო დაიწყო. კერძოდ, მისი თქმით, ორგანიზაცია „ლაბორის” (აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი) იურისტს გამგეობის სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცა.

გიორგი კობახიძე ფიზიკური დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ „შავებში ჩაცმულმა, ნიღბიანმა“ ადამიანმა მას და მასთან ერთად მყოფ ადამიანებს  ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

„ამ შენობაში ბევრი ოფისია და მე ვიყავი მეორე სართულზე, კერძოდ ლაბორის ოფისში, რომლის წევრიც ვარ. გავიგონე რაღაც ხმა და აღმოჩნდა, რომ თურმე ჩვენს იურისტს არ უშვებდნენ შიგნით, იმის მიუხედავად, რომ კანონით ვალდებულია, რომ იქ იყოს.

მარტო არ ვიყავი, სხვებიც იყვნენ და ვეკითხებოდით, რატომ არ უშვებდნენ ჩვენს იურისტს. ვიღაცა შავებში ჩაცმული, ნიღბიანი ტიპი ჩადგა კარებში და იქ რომ ვიდექით ჩვენი გაყრა სცადეს. ჯერ ხელი გვკრა, მაგრამ არ გამოუვიდა, შემდეგ მოგვაწვა და არც ეგ არ გამოუვიდა და მერე რტყმა დაიწყო. მე სახეში დამარტყა და დამასისხლიანა, მეორეს ასევე სახეში დაარტყა და კბილი ჩამოუმტვრია, მესამე, გოგო საერთოდ კარებში მოაყოლეს.

არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ფიზიკურად არ შევხებივარ იმ ადამიანს. მგონია, რომ იყო დაქირავებული. დაცვის წევრს არ ჰგავდა, არანაირი ფორმა არ ეცვა და მანდ არ დგას ხოლმე არასდროს.

პოლიცია იყო გამოძახებული, სასწრაფოც მოყვა და მაგას გამოვყევი. პოლიციამ დაგვკითხა, გადავეცით ყველანაირი ინფორმაცია რაც მოხდა“, – ამბობს კობახიძე „პუბლიკასთან”.

დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს „ლაბორის” კიდევ ერთი წარმომადგენელი.

„შეხვედრაზე „ლაბორის” მხრიდან უფლებამოსილი პირები უნდა ყოფილიყვნენ.  უშვებდნენ თითქმის ყველას, „ლაბორის” წარმომადგენელთა გარდა. მოვითხოვეთ განმარტების გაკეთება, რატომ არ შეუშვეს ჩვენი იურისტი, თავმჯდომარის მოადგილე.

მათი მხრიდან მოხდა კარებში ფიზიკური მოწოლა, რასაც ჩვენი მხრიდან თავდაცვა მოჰყვა – თავი შევიმაგრეთ. იმათი მხრიდან იყო მუშტების ქნევა, სილის გარტყმა. სცემეს რამდენიმე ადამიანი, ერთს კბილი მოტეხეს, მეორეს ლოყა დაუზიანეს. გოგოებსაც დაარტყეს, გვაგინეს, გვლანძღეს. საბოლოოდ კარი ჩარაზეს და უფლებამოსილი პირები შეხვედრაზე არ შეუშვეს”, – განაცხადა „ლაბორის” წარმომადგენელმა.

„პუბლიკა” პროფკავშირების გაერთიანებასთან ცდილობს გარკვევას, რამ გამოიწვია დაპირისპირება, ვინ იყვნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართული პირები, რა საკითხ(ებ)ი განიხილებოდა გამგეობის სხდომაზე და ზოგადად როგორია პროფკავშირის პოზიცია მომხდართან დაკავშირებით. კითხვებზე პასუხების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...