"როგორც კი შეიქმნება პრეზიდენტის მიერ დაანონსებული საბჭო, ჩვენ იქ ვიქნებით" - გახარია
პარტია "გახარია საქართველოსთვის" პრეზიდენტის მიერ დაინიცირებული საბჭოს იდეას, რომლის მანდატიც ხელახალი არჩევნების მომზადება იქნება, იზიარებს.
როგორც ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, ან თავად, ან მისი გუნდის რომელიმე წარმომადგენელი საბჭოს დაკომპლექტებასა და საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებს.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ესწრება პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე კონსულტაციებს, გიორგი გახარია პასუხობს - "ჩვენ ამ პროცესებში აქტიურად ვართ, ხან მე ვიქნები წარმოდგენილი იქ, ხან ჩემი კოლეგები".
რაც მთავარია, ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ არჩევნები არის ახალი დასანიშნი და ქვეყანა არის სასწრაფოდ ევროპულ ტრაექტორიაზე დასაბრუნებელი. ჩვენ ყოველთვის გამოვყოფთ პირველ და მთავარ ამოცანად, რომ მძევლები, ახალგაზრდები, რომლებიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, უპირობოდ უნდა იყვნენ განთავისუფლებულები და სისხლის სამართლის დევნა უნდა შეწყდეს... არაფერი ასეთი საბჭო არ შექმნილა, ამაზე მხოლოდ საუბარი იყო. ჯერ საბჭო არ შექმნილა. როგორც კი შეიქმნება, ჩვენ იქ ვიქნებით", - ამბობს გიორგი გახარია.
ცნობისთვის, 23 დეკემბერს ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა განაცხადა, რომ შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატი იქნება ახალი არჩევნების მომზადება.
ამასთან, 24 დეკემბერს, პრეზიდენტთან კონსულტაციები ოპოზიციამ და მესამე სექტორმა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები იყო.
ტვ პირველი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.