საოკუპაციო ხელისუფლება გაძევებით დაემუქრა ხერსონელებს, რომლებიც რუსულ რუბლს არ აღიარებენ
უკრაინის ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს ხერსონიდან გააძევოს ყველა, ვინც უარს ამბობს რუსული რუბლით პროდუქციის გაყიდვაზე. ამის შესახებ დღეს, 25 ოქტომბერს განაცხადა ხერსონის ოლქის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ კირილ სტრემოუსოვმა. მან ტელეგრამზე დაწერა, რომ აფიქსირებენ ყველას, ვინც ქალაქ ხერსონში უარს ამბობს რუსული რუბლის მიღებაზე ან ოლქის ადმინისტრაციის საბოტაჟს ეწევა და მათ მიმართ მიღებული იქნება ზომები, მათ შორის „უკრაინის ტერიტორიაზე გაძევება“.
მას შემდეგ, რაც 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხერსონის ოლქი ანექსირებულად გამოაცხადა, რეგიონში დროებით აამოქმედეს ე.წ. ბისავალუტო სისტემა და მაღაზიებს მოსთხოვეს, რომ ფასები მიუთითონ რუსული რუბლით და უკრაინული გრივნით.
უკრაინის სამხედრო ძალები უკვე რამდენიმე თვეა ხერსონის ოლქში უტევენ რუსული ჯარების პოზიციებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში გათავისუფლებულია 90-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.