კონკრეტული ტერიტორიების განსაზღვრა იგეგმება, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლებს დღის კონკრეტულ საათებში შესვლა შეეზღუდებათ
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის ინფორმაციით, კონკრეტული ტერიტორიები განისაზღვრება, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლებს შეზღუდვა ექნებათ, რომ დღის კონკრეტულ საათებში შევიდნენ.
ამასთან, როგორც იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სადაც კი მოეწყობა მასშტაბური სკვერი, იქ გათვალისწინებული უნდა იყოს ცხოველების გასასეირნებელი სივრცე. როგორც კახაბერ იოსელიანი განმარტავს, აღნიშნულის შესახებ კანონპროექტში იქნება გაწერილი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს პერიოდში მოხდება.
„კონკრეტული ტერიტორიები განისაზღვრება, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლებს შეზღუდვა ექნებათ, რომ შევიდნენ დღის კონკრეტულ საათებში, ღამის საათებში უფრო შემსუბუქებულია ეს რეჟიმი. ასევე შეზღუდვა არ ექნება სპეციალურად ცხოველებისთვის გასასეირნებელ სივრცეებს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სადაც კი მოეწყობა მასშტაბური სკვერი, იქ გათვალისწინებული უნდა იყოს ცხოველების გასასეირნებელი სივრცე, შესაბამისად, იქ არ იქნება შეზღუდვა.
უნდა გაიზარდოს კონტროლის და აღსრულების მექანიზმი, მაგალითად, პოლიციას ჰქონდეს რეაგირების უფლება. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოებს არ გვყავს თანამშრომლების ის რაოდენობა, რომ მთელი ქალაქი მოვიცვათ და ვაკონტროლოთ. როდესაც კონტროლს უფრო მასშტაბური სახე მიეცემა, ეს შედეგს გამოიღებს. მაგალითად, უნდა გაკონტროლდეს მეპატრონე აგრესიული ჯიშის ძაღლს დღის საათებში თუ ასეირნებს ალიკაპის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სტადიონზე“,- აღნიშნავს კახაბერ იოსელიანი.
მისივე თქმით, უსაფრთხო გარემოში ყოფნის უფლება უფრო მაღალი სტანდარტის უფლებაა, ვიდრე პატრონის სურვილი, რომ კონკრეტული ჯიშის ცხოველის ყოლა სურს ისე, რომ მას შეზღუდვა არ ჰქონდეს.
„ეს არ შეეხება ქვეყანაში არსებულ ძაღლებს, მეპატრონეს არავინ ჩამოართმევს ამ ძაღლს, უბრალოდ, მათ გამრავლების უფლება არ ექნებათ. საუბარი არ არის, რომ ძაღლებს წავართმევთ და ჩავკეტავთ სადღაც დახურულ სივრცეში. პატრონი ამ ძაღლის ინტერესებს უნდა იცავდეს. უნდა არსებობდეს შეზღუდვები, მეპატრონეებს არსებული ძაღლები ეყოლებათ, უბრალოდ გამრავლების შესაძლებლობა არ ექნებათ. ასევე საუბარია, რომ თუ მე ჯერ არ მყავს ძაღლი, ვერ შევიძენ მაგალითად, პიტბულს“,- აღნიშნავს იოსელიანი.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.