ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, - ამის შესახებ ექიმმა ხათუნა ხუფენიამ 16 წლის დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
ექიმის თქმით, პაციენტის მკურნალობა რეანიმაციულ დეპარტამენტში გრძელდება.
„ამ წუთისთვის პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. პაციენტი შემოყვანილი იქნა ახლობლების მიერ ჩვენს კლინიკაში, მიყენებული აქვს კისერზე ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებით. იყო შოკურ მდგომარეობაში, ასევე აღენიშნებოდა ორი სისხლმდენი ჭრილობა. გაკეთდა გადაუდებლად ოპერაცია. სასიცოცხლო ჩვენებით, მასიური დანაკარგიდან გამომდინარე, პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ამჟამად მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ დეპარტამენტში", - განაცხადა ხათუნა ხუფენიამ „რუსთავი 2-თან“.
ინფორმაციისთვის, თბილისში, 23 დეკემბერს, ზესტაფონის ქუჩაზე, 16 წლის მოზარდი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებული შსს-ს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს, რომელიც ასევე, მოზარდია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.