Jump to content
Planeta.Ge

თბილისის საკრებულოს სხდომას, სადაც კახა კალაძე ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს, არც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები დაესწრებიან


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც თბილისის მერი, კახა კალაძე ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან.

ამის შესახებ ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, თამარ ხვედელიანმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საკრებულოს ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ სახელით გვსურს, გამოვეხმაუროთ საკრებულოს დღევანდელ სხდომას, რომელზეც მობრძანდება ქალაქის, მერი კალაძე და თბილისის მთავრობის წარმომადგენლები.

როგორც უკვე იცით, „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრები 2024 წლის ივნისიდან, კერძოდ, ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებიდან, ვართ ბოიკოტის რეჟიმში.

სამწუხაროდ, მას მერე „ოცნების“ მავნებლურმა ქმედებებმა ჩვენი ქვეყანა უმძიმეს კრიზისსა და არაკონსტიტუციურ პროცესში შეიყვანეს - სისტემური კორუფციით, არჩევნების მოპარვით, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებებით, მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობით ივანიშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა ავტორიტარული რეჟიმის დამყარება ჩვენს ქვეყანაში.

27-დღიანმა სახალხო პროტესტმა მოგვიტანა შემდეგი:

არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს არალეგიტიმურ მთავრობას და პარლამენტს;

ჩვენი ქვეყნის მრავალი წლის პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან დაწესდა პერსონალური სანქციები იმ ინდივიდების მიმართ, ვინც არღვევს კონსტიტუციას, ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე, ჩაფლულია სისტემურ კორუფციაში, ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და კლავს ევროინტეგრაციის პროცესს.

ასეთ ვითარებაში, ცხადია, არ დავესწრებით დღევანდელ სხდომას კორუმპირებულ, მოღალატე და მოძალადე „ოცნების“ უმრავლესობასთან ერთად.

ჩვენ პროტესტის ნიშნად ვტოვებთ სხდომას და დღეს, 19:00 საათზე ყველას გელოდებით დედაქალაქის მთავარ გამზირზე.

ერთად მოვითხოვოთ ახალი არჩევნები და ივანიშვილის მიერ მძევლად აყვანილი, უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება!

ამ ბრძოლას ჩვენ ერთად აუცილებლად მოვიგებთ - ერთად დავაბრუნებთ საქართველოს ნორმალური, ევროპული, დემოკრატიული განვითარების გზაზე!“,- განაცხადა თამარ ხვედელიანმა.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...