ზვიად ძიძიგური - დღეს უკვე დაიწყეს საუბარი, ტრამპის ადმინისტრაციის დიდი იმედი მაინც და მაინც არ უნდა გვქონდესო, იციან ვერანაირი ურთიერთობა ვერ დალაგდება - ნელ-ნელა დაიწყებენ მუშაობას „ევრაზიულ კავშირზე“ ან „3+3“ ფორმატზე
“ქართული ოცნების” ამომრჩეველმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ევროკავშირისკენ სვლას. 28 ნოემბერს კობახიძის გაკეთებულ განცხადებას წინასწარ ამზადებდნენ პიარულად, მუშაობდნენ, რომ ხალხი შეემზადებინათ ფსიქოლოგიურად, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ზვიად ძიძიგურმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
ძიძიგურის ვარაუდით, ცოტა ხანში “ქართული ოცნების” ლიდერები სხვა კავშირებზე დაიწყებენ საუბარს და საზოგადოებას ევრაზიის კავშირს ან 3+3 ფორმატს შესთავაზებენ.
“დღეს უკვე დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დიდი იმედი მაინც და მაინც არ უნდა გვქონდესო, ანუ უკვე იციან, რომ ვერანაირი ტიპის ურთიერთობა ვერ დალაგდება, ვერც დაალაგებენ, ამიტომ, საქართველო რომ ევროკავშირისკენ არ მიდის, ამის განაცხადი პირდაპირ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ.
მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ხელისუფლება ატყუებდა თავის მხარდამჭერებს, რომ ჩვენ მივდივართ ევროკავშირში. გავიდა რამდენიმე კვირა და ამბობს, რომ ჩვენ არ მივდივართ ევროკავშირში და ჩვენ არ ვაპირებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ ნელ-ნელა დაიწყებენ ამაზე მუშაობას თვითონ რასაც ფიქრობენ - ევრაზიული კავშირი, ან 3+3 ფორმატი - ეს არის საქართველოს მომავალი მათი გადმოსახედიდან.
85% ქვეყანაში, რომელიც არის ევროინტეგრაციის მომხრე, უპირისპირდება ხელისუფლებას, აქედან გამომდინარე, ხალხისა და ხელისუფლების ასეთ დაპირისპირებაში ხელისუფლებას არანაირი შანსი არ აქვს. ამ 85%-ში შედიან ის ადამიანები, რომლებმაც “ქართულ ოცნებას” მისცეს ხმა.
ჩვენი ამოცანაა, ეს სანქციების თემა ძალიან კარგად გავშალოთ, ყველას კარგად ავუხსნათ, რას ნიშნავს დასანქცირებული ჩინოვნიკების ღირსების ორდენზე წარდგენა, მათი დაწინაურებას ნიშნავს თუ არა ევროკავშირთან და ამერიკასთან ურთიერთობაზე უარის თქმას.
“ქართული ოცნების” ამომრჩეველმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ევროკავშირისკენ სვლას.
28 ნოემბერს კობახიძის გაკეთებულ განცხადებას წინასწარ ამზადებდნენ, მდინარაძე და პაპუაშვილი გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს, რომ მთელ რიგ ქვეყნებთან ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთო. ამ განცხადებას პიარულად ამზადებდნენ წინა რამდენიმე დღის განმავლობაში, მუშაობდნენ, რომ ხალხი შეემზადებინათ ფსიქოლოგიურად და შემდეგ გამოვიდა კობახიძე და დააბრეხვა”, - განაცხადა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს ისაუბრა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველო - ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების პერსპექტივაზე. კერძოდ, მდინარაძის თქმით, 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე საქართველო "არც უიმედოდ უნდა იყოს და არც ზედმეტი იმედები უნდა დაამყაროს".
"ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე და რატომ: ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ, ხომ? სუბიექტურად, ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს. ჩვენ გვაწყობს ერთი - ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე - “დიფ სტეიტის” დამარცხება", - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა: "თუ ტრამპი შეძლებს ამოძირკვოს არაფორმალური გავლენები, ჩვენზე წნეხი იხსნება, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ტურბულენტობა გაგრძელდება".
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.