„23 ყალბი დამკვირვებელი, რომელმაც არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყო" | ანგარიში
„დემოკრატიული არჩევნების ევროპულმა პლატფორმამ” (EPDE), ატლანტიკური საბჭოს DFRLab-ის მკვლევარ ეთო ბუზიაშვილთან ერთად თანამშრომლობით, გამოავლინა 23 პოლიტიკურად მიკერძოებული დამკვირვებელი, რომელმაც საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყო, – ამის შესახებ ორგანიზაცია წერს დასკვნაში – „დასავლელი კონსპიროლოგების დაბრუნება: ყალბი დამკვირვებლები საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე”.
როგორც დასკვნაში წერია, ყალბ დამკვირვებლებს იყენებენ ისეთი ავტორიტარული რეჟიმები, როგორებიცაა რუსეთი და აზერბაიჯანი. თუმცა, მიუხედავად გაძლიერებული დაკვირვებებით ამ პრაქტიკის შეფერხებისა, EPDE ამბობს, რომ მსგავსი ყალბი დამკვირვებლების რაოდენობის ზრდა ახალ და შემაშფოთებელ ტენდენციაზე მიუთითებს.
დასკვნაში გამოვლენილია 23 პირი, რომლებიც საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყალბ დამკვირვებლებად მუშაობდნენ. ორგანიზაციის თქმით, ამ პირებს მსგავს პრაქტიკაში მონაწილეობის გამოცდილება გასულ წლებშიც უფიქსირდებათ.
ორგანიზაციას დასკვნაში მაგალითად მოჰყავს ყალბი დამკვირვებლების შეფასებები საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა ეს განცხადებები ნათლად ეწინააღმდეგება არჩევნების დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების ანგარიშებს, რომლებიც ამომრჩეველთა დაშინებაზე, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასა და საარჩევნო პროცესის სხვა დარღვევებზე საუბრობენ.
პოლონელი რიშარდ ჰენრიკ ჩარნეცკი, ყოფილი ევროპარლამენტარი და PiS პარტიის წევრი, რომელიც EPDE-ის თქმით, გასულ წლებში „სხვადასხვა სკანდალებშია გარეული და მათ შორის, დადანაშაულებულია კორუფციაში”, ამბობს, რომ „საქართველოში ჩატარებული არჩევნები მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ევროპული პოლიტიკური ოჯახისკენ, რადგან პოლიტიკურ პარტიებს შორის უთანხმოების მიუხედავად, თითქმის ყველა პარტია საუბრობს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკურ ნებაზე”.
ლუპ ბომიერი, გურგი-ლე-შატოს მერი და საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის UDR-ის (Union des droites pour la République) წევრი, რომელიც რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყალბი დამკვირვებელი იყო, საზოგადოების არჩევნების მიმართ ნდობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი დაკვირვებით „ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი ახალი საარჩევნო სისტემისა და ხმის მიცემის ფარულობის დაცვაში”.
ნიკოდემ ბერნაჩიანკი, ანალიტიკოსი პოლონეთის ულტრაკონსერვატიული იურიდიული კულტურის ინსტიტუტიდან, რომლის წარმომადგენლებიც მანამდე ჩართულნი იყვნენ ყალბი დამკვირვებლობის საქმიანობაში, ამბობს, რომ „საარჩევნო პროცესი ევროკავშირის ზოგიერთ დემოკრატიულ ქვეყანაზე მაღალ დონეზე წარიმართა”.
დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, გადადგან შემდეგი ნაბიჯები:
▶ „ევროკავშირმა და დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა განიხილონ მიზანმიმართული სანქციები და სავიზო შეზღუდვები ევროკავშირის არაწევრ მოქალაქეებზე, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნების ყალბ დაკვირვებაში.
▶ ინსტიტუტებმა, მათ შორის რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე, კიდევ უფრო გამკაცრონ თავიანთი ქცევის კოდექსი, რათა თავიდან აიცილონ მათი წარმომადგენლების მონაწილეობა პოლიტიკურად მიკერძოებულ სადამკვირვებლო საქმიანობაში.
▶ არჩევნების დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების მხარდაჭერის ზრდა საქართველოს მომავალ არჩევნებზე სანდო დამკვირვებლობის უზრუნველსაყოფად.
▶ ევროკავშირისა და აშშ-ის ინსტიტუტებმა გადახედონ ყველა თანამშრომლობას და დაფინანსებას იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც აგზავნიან ყალბ დამკვირვებლებს.
▶ პოლიტიკურმა პარტიებმა და მედიასაშუალებებმა რეგულარულად შეამოწმონ EPDE-ის მონაცემთა ბაზა, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია ყალბ დამკვირვებელთა სიაზე”.
EPDE-ის მიერ გამოვლენილი ყალბი დამკვირვებლების სრული სია:
- ფრანსუა-ქსავიე ჟიკელი, საფრანგეთი, SOS Chrétiens d’Orient (SOSCO) ოპერაციების დირექტორი.
- მარკ გერინი საფრანგეთი, მომის მერი, Rassemblement National პარტიის წევრი.
- ლუპ ბომიერი, საფრანგეთი, გურგი-ლე-შატოს მერი, ულტრამემარჯვენე პარტიის UDR-ის (Union des droites pour la République) წევრი.
- კლოდ ჟან რობერტ ალფრედ ფრიტცი, საფრანგეთი, ეს პირი ქართულმა პროსამთავრობო მედიამ წარმოადგინა, როგორც ჟურნალისტი, თუმცა, EPDE- მისი ვინაობა დამოუკიდებლად ვერ დადასტურდა.
- ალენ ავრილი, საფრანგეთი, ტანსაცმლის ბრენდის Aper-ის დამფუძნებელი.
- ულრიხ სინგერი, გერმანია, ბავარიის შტატის პარლამენტისა და პარტია AfD-ის წევრი.
- რიჩარდ ჰაინრიკ ჩარნეხცკი, პოლონეთი, ყოფილი ევროპარლამენტარი პარტიიდან Prawo i Sprawiedliwość (PiS).
- პატრიკ იგნაჩაკი, პოლონეთი, ანალიტიკოსი საერთაშორისო სამართლის ცენტრში, Ordo Iuris-ის იურიდიული კულტურის ინსტიტუტში.
- ნიკოდემ ბერნაჩიაკი, პოლონეთი, Ordo Iuris-ის იურიდიული კულტურის ინსტიტუტის „ოჯახი და ქორწინება“ პროგრამის უფროსი კოორდინატორი.
- კამილ სმულსკი, პოლონეთი, Ordo Iuris-ის იურიდიული კულტურის ინსტიტუტის თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის პროგრამის კოორდინატორი.
- ბეატა ტროჩანოვსკა, პოლონეთი, ასისტენტი პროცედურული ინტერვენციის ცენტრში, Ordo Iuri-ს იურიდიული კულტურის ინსტიტუტი.
- ანდრაშ ლასლო, უნგრეთი, ევროპარლამენტის წევრი ჯგუფიდან „პატრიოტები ევროპისთვის“, Fidesz.
- ლორინც ნაჩა, უნგრეთი, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის წევრი, უნგრეთის დელეგაციის წევრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE), ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) ბლოკში Fidesz-თან.
- ფანი ლაიკო, უნგრეთი, ანალიტიკოსი ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრში (CFR).
- ხუან ეფრაინ როჩა, უნგრეთი, უნგრეთის პრემიერმინისტრის აპარატის ეროვნების დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირი.
- ხუან ანტონიო დელგადო რამოსი, ესპანეთი, ანდალუსიის პარლამენტის წევრი პარტიიდან Podemos.
- ლუკა ურიბე-ეჩებარია აპალატეგი, ესპანეთი, ბასკეთის პარლამენტის წევრი ბასკური ეროვნული პარტიიდან (EAJ-PNV).
- ხორხე გონსალეს-გალარზა ერნანდესი, ესპანეთი, „იბეროსფეროს“ უფროსი კოორდინატორი და ფუნდამენტური უფლებების ცენტრის უფროსი თანამშრომელი (CFR).
- დევიდ ბიტანი, ისრაელი, ისრაელის ქნესეთის წევრი, ქნესეთის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე პარტიიდან Likud.
- ევგენი სოვა, ისრაელი, ქნესეთის ნაციონალისტური პარტიის Yisrael Beiteinu-ის წევრი.
- ოლტა ქეჯვანი, ალბანეთი, ალბანეთის საარჩევნო სისტემის განვითარების ინსტიტუტი ალექსანდერ მოისიუს უნივერსიტეტში.
- არზუ ნაგიევი (ნაგიევი) აზერბაიჯანი, დეპუტატი, აზერბაიჯან-საქართველოს საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.
- კანდელა სოლ სილვა, არგენტინა, იტალიის პოლიტიკური პარტიის Fratelli d’Italia არგენტინის ახალგაზრდული ფილიალის პრეზიდენტი.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.