Jump to content
Planeta.Ge

„უკვე ოდირის შეფასებითაც - ეს არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ამ საუკუნეში საქართველოში ჩატარებულა“ - ბრაჭველი


ეუთო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნას აქვეყნებს.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდება ახლახან მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რაც საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად, ზოგი ამომრჩევლისთვის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას ზღუდავდა.

ანგარიშსს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა იურისტი საბა ბრაჭველი, „უკვე ოდირის შეფასებითაც – ეს არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ამ საუკუნეში საქართველოში ჩატარებულა “,- წერს საბა ბრაჭველი.

„ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნა დაიდო. მიწასთან არის გასწორებული როგორც არჩევნების დღე, ისე პოსტ-საარჩევნო პერიოდი… ოდირი წერს, რომ ის არ ეხება არჩევნების ცნობა-არ ცნობის საკითხს, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მაგრამ ადვილად შეიძლება მისი შეხედულების ამოცნობა. ის მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, ანგარიშიდან შესაბამისი დასკვნები თავად გამოიტანოს (“This enables voters to form their own judgments about the quality of the election”) და საარჩევნო ცვლილებების განსახორციელებლად მიმართავს არა მთავრობას, არამედ ფართო საზოგადოებას.

შეიძლება ითქვას, რომ უკვე ოდირის შეფასებითაც – ეს არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ამ საუკუნეში საქართველოში ჩატარებულა. ეს არის ანგარიშის საბოლოო დასკვნები. მარტო ამაზე დაყრდნობითაც შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელია საუბარი ლეგიტიმურ არჩევნებზე:

შეწყდეს ამომრჩევლის დაშინება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, ხმების ყიდვა და არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა.

საფუძვლიანად გადაისინჯოს კანონმდებლობა და შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.

გადაიხედოს საარჩევნო ადმინისტრაციის დანიშვნის პროცედურა, რათა ერთ პარტიას არ ჰქონდეს გადამწყვეტი უპირატესობა.

შეიქმნას ნათელი მექანიზმი საარჩევნო დაფინანსების მონიტორინგისთვის, მათ შორის მედია მონიტორინგის სააგენტოს დამოუკიდებლობის მხრივ.

უზრუნველყოფილ იქნას საარჩევნო დავების გამჭვირვალედ და ეფექტურად განხილვა. მიღებულ იქნას ზომები იმისთვის, რომ მოქალაქე დამკვირვებლებმა შეასრულონ მოვალეობები ზეწოლისა და დაშინების გარეშე.

უზრუნველყოფილ იქნას ხმების ფარულობა….“

საბა ბრაჭველი ყურადღებას ამახვილებს დასკვნის შემაჯამებელ ნაწილზეც, რომლის მიხედვითაც:

უახლესი კანონმდებლობის გავლენა

– ნეგატიური ეფექტი ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.

– საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შემცირება.

ზეწოლა ამომრჩევლებზე:

– არჩევნების დღის პრაქტიკამ ხელი შეუშალა ამომრჩეველს, მიეცათ ხმა შურისძიების შიშის გარეშე.

არჩევნების შემდგომი მოვლენები:

– საჩივრების არასათანადოდ განხილვა და შეზღუდული სამართლებრივი დაცვის საშუალებები

– საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, მრავალი დაპატიმრება და ბრალდებები სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით

საზოგადოების ნდობა და არჩევნების კეთილსინდისიერება:

– ნეგატიური ზეგავლენა არჩევნების კეთილსინდისიერებაზე, საზოგადოების ნდობის შელახვა.

სამართლებრივი ჩარჩო:

– მიუხედავად იმისა, რომ ადეკვატურია დემოკრატიული არჩევნებისთვის, ბოლოდროინდელმა ხშირმა ცვლილებებმა აშკარა ეჭვები გააჩინა კანონმდებლობის ბოროტად, პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შესახებ.

– საჭიროა ყოვლისმომცველი საკანონმდებლო მიმოხილვა.

მედია და კამპანიის დაფინანსება:

– პოლარიზებული და ინსტრუმენტალიზებული მედია.

– კამპანიის დაფინანსების შეზღუდული ზედამხედველობა.

– რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

წინასაარჩევნო კამპანია:

-პარტიებს, როგორც წესი, შეეძლოთ კამპანიის თავისუფლად წარმოება, თუმცა მმართველი პარტიის უპირატესობებმა არათანაბარი სათამაშო მოედანი შექმნა.

არჩევნების დღის საკითხები:

– ხშირი დარღვევები ხმის მიცემის საიდუმლოებასთან დაკავშირებით.

– პროცედურული შეუსაბამობები და ანგარიშები ზეწოლისა და დაშინების შესახებ.

– ხმის მიცემის პროცესის ჩაწერამ შეარყია საზოგადოების ნდობა.

საჩივრების განხილვა:

– საჩივრები არჩევნების დღემდე და მის შემდეგ ხშირად არ განიხილეს მხოლოდ ტექნიკური მოსაზრებებით, რამაც შეარყია მისდამი ნდობა.

არჩევნების შემდგომი პროტესტი:

– მასიური საპროტესტო აქციები ძალადობრივად იქნა დარბეული, რასაც შედეგად მოჰყვა მრავალი დაპატიმრება.

– აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებები.

– შეკრების თავისუფლებისა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა.“

არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასებისას ODIHR-მა დაადგინა, რომ საქმეები არ განიხილებოდა საკმარისად, რაც ზღუდავდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, ხოლო პროტესტების ძალადობრივმა ჩახშობამ და მრავალრიცხოვანმა დაკავებებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისადმი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების შესახებ.

პრესრელიზში განმარტებულია, რომ ODIHR-ის მანდატი არ არის არჩევნების აღიარება ან მხარდაჭერის გამოცხადება.

„ნაცვლად ამისა, ODIHR უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასებას, რომელიც ეფუძნება უნივერსალურ პრინციპებს, საერთაშორისო ვალდებულებებსა და ეუთოს ყველა სახელმწიფოს მიერ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ვალდებულებებს. ეს საშუალებას აძლევს ამომრჩევლებს, თავად ჩამოაყალიბონ საკუთარი გადაწყვეტილება არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით“, – ნათქვამია პრესრელიზში.

საქართველოში ODIHR-ის 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საბოლოო ანგარიშში აღნიშნულმა მრავალმა საკითხმა უარყოფითად იმოქმედა არჩევნების მთლიანობაზე და საზოგადოებრივ ნდობაზე პროცესის მიმართ.

„იმისთვის, რომ დავიცვათ დემოკრატიული პრინციპები, რომლებიც ახლა სასწორზეა საქართველოში, მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურმა პირებმა სასწრაფოდ უპასუხონ ყველა აღძრულ პრობლემას“, – განაცხადა ოუენ მერფიმ.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...