განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ოფიციალურად შეუჩერდა EQAR-ის რეგისტრაცია
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ოფიციალურად შეუჩერდა EQAR-ის რეგისტრაცია.
6 დეკემბერს დარგის სპეციალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავდა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას.
ამის შესახებ 6 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას უმაღლესი განათლების სფეროს ექსპერტებმა აცნობეს. მედიასთან განცხადებები გააკეთეს უმაღლესი განათლების ექსპერტებმა, ირინე დარჩიამ, ლიკა ღლონტმა, მარინე ჩიტაშვილმა და ქეთი ცოტნიაშვილმა.
დარგის სპეციალისტების განმარტებით, მიზეზი ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დარღვევაა.
შეფასებაში, რომელიც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა, აღნიშნულია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არაა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება.
ექსპერტების თქმით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის დაკარგვა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის გაუქმება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (უსდ) ნიშნავს, რომ:
• საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აღარ არის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი განათლების სისტემის რეპუტაციაზე, მის მიმართ არსებულ ნდობაზე და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე;
• ეჭვქვეშ დადგება საქართველოს უსდ-ების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის სანდოობა და პრობლემური გახდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტების და დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება, განსაკუთრებით, ევროკავშირისა და ბოლონიის პროცესის/ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის წევრ ქვეყნებში;
• საფრთხის წინაშე დადგება საქართველოს უსდ-ს მიერ განხორციელებული როგორც მოქმედი, ისე დაგეგმილი ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კურსდამთავრებულებს ე.წ. ორმაგ აკადემიურ ხარისხს ანიჭებს;
• მკვეთრად გაუარესდება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის, მათ შორის, საერთაშორისო მობილობისა და სხვა ტიპის თანამშრომლობის, ასევე, საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლები. ეს კი, უარყოფითად აისახება როგორც სწავლების ხარისხზე, ისე უსდ-ების შემოსავლებზე.
• ENQA-ს წევრობის და EQAR-ში რეგისტრაციის დაკარგვას, შესაძლოა, მოჰყვეს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მხრიდან ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აღიარების დაკარგვაც, რაც გამოიწვევს საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების აღიარების პრობლემას საერთაშორისო დონეზე. ასევე, ეს ცალსახად გამოიწვევს ჩვენი უსდ-ების მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებზე უცხოელი სტუდენტების რაოდენობის არსებითად შემცირებას, რაც სერიოზულ და აუნაზღაურებელ ფინანსურ ზიანს მიაყენებს უმაღლესი განათლების საჯარო და კერძო სექტორს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი 2019 წელს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანდა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) დარეგისტრირდა. შედეგად, შესრულდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულება საქართველოს უმაღლესი განათლების ევროპულ სტანდარტებთან სინქრონიზაციასთან დაკავშირებით.
ეს იყო ჩვენი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა და აღიარება, რომ საქართველოში მოქმედი განათლების ხარისხის განვითარების სტანდარტები და პროცედურები ევროპული სტანდარტის შესაბამისია. ექსპერტ ირინე დარჩიას შეფასებით, რეგისტრაციიდან ამოღება და წევრობის გაუქმება ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევაა.
იმავე დღეს ექსპერტების მიერ გავრცელებულ განცხადებას გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
როგორც განცხადებაში იყო მათქვამი, ENQA-ს ექსპერტების დასკვნის მიღების შემდგომ, ცენტრმა რეგისტრაციის განახლების მიზნით მიმართა EQAR-ს, ცენტრისთვის, წინასწარი, არაოფიციალური მონაცემებით, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე.
ცენტრში განმარტავდნენ, რომ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და მათ მიერ წინსწრებით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია.
„შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ EQAR-ის გადაწყვეტილება დროებითია. ამასთან, დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რომ ყველა ის ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეთ EQAR-ის კომიტეტის წევრებს უკვე აღმოფხვრილი და გამოსწორებულია“,- ნათქამი იყო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.