Jump to content
Planeta.Ge

„მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“ - გახარია ევროსბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაზე


„მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“ – ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ევროსბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს განცხადებას.

ალენ ბერსემ განაცხადა, რომ „მიესალმება მთავრობის დაპირებას, რომ შეცვლის „უცხოური გამჭვირვალობის კანონს.“

როგორც საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ალენ ბერსემ თქვა, მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შეცვლიან, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

„შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოსა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებით, რაშიც ვენეციის კომისიაც იქნება ჩართული და მოხდება იმ ცვლილებების იდენტიფიცირება, რომელიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში”.

მისი ეს განცხადება დააზუსტა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულების დირექტორმა, ჯანლუკა ესპოსიტომ.

მისი თქმით, მზად არიან, ექსპერტებთან, „განსაკუთრებით ვენეციის კომისიის ექსპერტებან აქტიურად ჩაერთონ კანონმდებლობაში ცვლილებების შეთავაზებაში”.

„ვენეციის კომისიის მოსაზრება საჯაროა, ჩვენ ამ აზრზე ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ, რომ ამ ტიპის ნებისმიერი კანონმდებლობა სრულად შეესაბამებოდეს ევროსაბჭოს სტანდარტებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსიები მხარეებთან საქართველოში და შევიმუშავებთ საერთო სამუშაო ჯგუფს, რათა უზრუნველვყოთ მკაფიო ცვლილებები. დღეს 20 დეკემბერია და უახლოეს კვირებში აუცილებლად ვისაუბრებთ ამაზე“.

ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, რომელიც 2024 წლის 21 მაისს გამოქვეყნდა, „რუსული კანონი არსებული ფორმით არ უნდა იქნეს მიღებული”.

კერძოდ, დასკვნა აფასებს კანონის შესაბამისობას როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან, აგრეთვე „კანონისთვის“ აუცილებელი რეკვიზიტების/კრიტერიუმებისა და პროპორციულობის ტესტის თვალსაზრისით და ფაქტობრივად ყველა ინდიკატორის მიმართულებით აიდენტიფიცირებს კანონის იმგვარ პრობლემურობას, რაც საბოლოო ჯამში ვენეციის კომისიას აკეთებინებს მკაცრ რეკომენდაციას, რომ არსებული ფორმით კანონი არ უნდა იქნეს მიღებული. მთლიანობაში, ვენეციის კომისია ასკვნის, რომ კანონი  არღვევს თანაზომიერების პრინციპის ყველა მოთხოვნას.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...