16 ქვეყანა გმობს „ოცნების“ ძალადობას მშვიდობიან მომიტინგეებზე
აშშ, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესტონეთი, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ფინეთი და შვედეთი მკაცრად გმობენ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის უფლებებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეების მიმართ.
საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივი განცხადება, რომელზეც ხელმოწერები გრძელდება, ვენაში, ეუთო-ს მუდმივ საბჭოში ნიდერლანდების ელჩმა წარადგინა.
„ჩვენ შეძრწუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის ჩათვლით, რათა გააჩუმოს თავისი კრიტიკოსები. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მშვიდობიანი შეკრების უფლებების პატივისცემის შესახებ ეუთოს ერთობლივი ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიული, ზედმეტად ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ჩვენ ასევე დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მომიტინგეები, მედიის წევრები, ოპოზიციის წარმომადგენლები და სხვები, რომლებიც დააკავეს თავიანთი უფლებების მშვიდობიანი რეალიზაციისთვის და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირები ასევე პასუხისგებაში უნდა მიეცნენ“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერები აცხადებენ, რომ შეისწავლიან ყველა მექანიზმს ეუთოს კონტექსტში და საქართველოს მოუწოდებენ, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას.
„ჩვენი ქვეყნები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, — ნათქვამია განცხადებაში.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.