სალომე ზურაბიშვილი - ყველაფერს აკონტროლებს ერთი პარტია და ერთი პირის მმართველობა, რა რჩება ამ კონტროლის გარეთ? - ოპოზიციური მედია, არასამთავრობო სექტორი და მე, რომელიც აქ ვარ და ერთი კვირის შემდეგ აღარ მეყოლება პირადი დაცვა
არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ ძალიან გაძლიერებულ და დაჩქარებულ მოძრაობას რუსეთის გზაზე - ყველაფერს საქართველოში აკონტროლებს ერთი პარტია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, 28 ნოემბერს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განცხადება რეალური მანდატისა და უფლების ქონის გარეშე გაკეთდა.
„არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ ძალიან გაძლიერებულ და დაჩქარებულ მოძრაობას რუსეთის გზაზე. არამხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნების დარღვევები, რომელიც მოხდა არჩევნების დროს, არჩევნების შემდეგ. პარლამენტის პირველი სესია შემიძლია მოვიწვიო მხოლოდ მე, მოიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც არ იყო ამ დროს თავმჯდომარე, იგი არ იყო აღიარებული კონსტიტუციის მხრიდან. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არ იყო მიცემული დრო იმ სარჩელების განსახილველად, რომელიც ჩვენ შევიტანეთ. ესეც კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა, რომელიც პარლამენტის პირველი სესიის წინ მოხდა. [28 ნოემბერს] პრემიერ-მინისტრს არ ჰქონდა ლეგიტიმურობა, იმიტომ, რომ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არჩევნები, მას ამ განცხადების გასაკეთებლად მანდატი არ გააჩნდა. კონსტიტუციაში ნათლადაა გაწერილი, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუციამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა გამარტივდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. აღნიშნული კონსტიტუციის დიდი ნაწილი შეადგინა ამავე პრემიერ-მინისტრმა, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა და მან განაცხადა, რომ წყვეტს მოლაპარაკებებს. ისედაც არ მიდიოდა მოლაპარაკებები, მაგრამ ველოდებოდით ამას. რეალურად მან შეაჩერა ევროპული მომავლისკენ სვლა რეალური მანდატის გარეშე და ამის უფლების ქონის გარეშე. ყველაფერს საქართველოში აკონტროლებს ერთი პარტია და ერთი პირის მმართველობა. რა რჩება ამ კონტროლის გარეთ? ოპოზიციური მედია - მინდა ხაზი გავუსვა სამი მედიიდან ორი საკმაოდ მძიმე ფინანსურ კრიზისშია, რომელიც ასევე პროვოცირებული იყო. ძნელია ამის დამტკიცება. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს დამოკლეს მახვილი ჰკიდიათ თავზე ე.წ. „რუსული კანონის“ გამო. როგორ მოხდება ამის იმპლემენტაცია და შესრულება, მნიშვნელოვანია და მესამე - პრეზიდენტი - მე აქ ვიმყოფები ორი იმპიჩმენტის მცდელობის გათვალისწინებით. ერთი კვირის შემდეგ მე აღარ მეყოლება პირადი დაცვა. მე არ ვფიქრობ, რომ დაცვა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.