„შიდა დისკუსიები არაზუსტად წარმოჩინდა" - რუმინეთი იმედგაცრუებას გამოთქვამს
„ქართული ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის მადლობის შემდეგ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ღრმა იმედგაცრუებას გამოთქვამს „ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის გამო”.
როგორც დღეს კობახიძემ განაცხადა:
„მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“, – განაცხადა კობახიძემ.
მოგვიანებით რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა:
„ღრმა იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტ წარმოჩენასთან დაკავშირებით. ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესისა და საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივ რეპრესიებზე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
საუბარია 16 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც მინისტრები შეთანხმდნენ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ცნობით, ამავე შეხვედრაზე ასევე განიხილეს იმ ქართველი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი.
17 დეკემბერს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, სანქციების შესახებ წინადადება ჩავარდა წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის არ ქონის გამო.
„ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, 17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა ხუთ ქვეყანას, რომლებმაც, მისი თქმით, ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე – ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.