Jump to content
Planeta.Ge

ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი - პარტია „ქართული ოცნება“ რუსულ კოშმარად გადაიქცა - ისინი არალეგიტიმურები და არაკონსტიტუციურები არიან


საქართველოს ნამდვილი ოცნება ევროპულია, - ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა, რაინიე ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ რუსულ კოშმარად გადაიქცა.

„ამ კოშმარის ლიდერებმა ხალხის ხმა მოიპარეს არჩევნებით, რომელიც არც თავისუფალი და არც სამართლიანი ყოფილა და ევროკავშირისკენ გზის გადაკეტვით ხალხს იმედი მოპარეს. ისინი არალეგიტიმურები და არაკონსტიტუციურები არიან, მაგრამ ნიღბები ჩამოხსნილია და მათ ნამდვილი სახე აჩვენეს. სახე, რომელიც ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რუსული ჩაგვრის სახე“, - განაცხადა რაინიე ვან ლანშოტმა.

მისივე თქმით, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ძალადობის მიუხედავად ქართველი ხალხი არ ნებდება.

„მოსახლეობის 7% ყოველდღიურად საპროტესტო აქციებზე გამოდის. გასულ ხუთშაბათს ამ აქციების მონაწილეებთან ერთად გავიარე და ისინი ახალ არჩევნებს ითხოვენ. ერთი წლის წინ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა არა მისი ხელისუფლების, არამედ ხალხის გამო და ეს ხალხი დღეს ჩვენგან მოქმედებას ელის, მაშ როგორ დავეხმაროთ მათ?! სანქციები დავუწესოთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ მხოლოდ საკუთარი სიმდიდრე აინტერესებთ, დავაფინანსოთ დამოუკიდებელი მედია და დემოკრატიის სხვა დამცველები, მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, რომელიც 29 დეკემბრის შემდეგაც ლეგიტიმური იქნება. როგორც ერთმა დემონსტრანტმა მითხრა, საქართველოს ნამდვილი ოცნება ევროპულია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

 

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...