Jump to content
Planeta.Ge

კახა გოგოლაშვილი - საჭიროა საქართველოს საკითხში დასავლეთის მხრიდან უფრო აქტიური ჩართულობა და სანქციების პოლიტიკით „ქართული ოცნებისთვის“ უფრო სერიოზული მესიჯების გაგზავნა


საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.

- ბატონო კახა, დასრულდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც პირველად უხელმძღვანელა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა. საქართველოს საკითხი განიხილეს უკრაინისა და სირიის საკითხებთან ერთად. საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირმა დაასანქცირა დიპლომატიური პასპორტების მფლობელები და შეუწყვიტა მათ მიმოსვლა ევროკავშირის ტერიტორიაზე. დიპ პასპორტების მფლობელთა სია საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა. ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ეს გადაწყვეტილება რას ნიშნავს?

- საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება სრულად არ პასუხობს იმ მოლოდინებს, რომელიც საქართველოში, მათ შორის ევროკავშირში ბევრს გააჩნდა.

მაგრამ, ეს გადაწყვეტილება იყო ის პირველი სერიოზული ნაბიჯი, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება ჩაითვალოს გაფრთხილებად საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ იმის შესახებ, რომ ევროკავშირში ძალიან სერიოზულად განიხილავენ მათზე ზეწოლის საკითხს და რომ ევროკავშირი გააგრძელებს ქართველი ხალხის გვერდზე დგომას და თვალს არ დახუჭავს იმ უკანონობაზე, რომელსაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჩადის.

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება სრულად არ პასუხობს იმ მოლოდინებს, რომელიც საქართველოში, მათ შორის ევროკავშირში ბევრს გააჩნდა

შესაძლოა, ჩვენ ველოდით უფრო მეტს, ხალხი ითხოვს არა მარტო დიპლომატიური პასპორტების მფლობელების ამ ფორმით დასანქცირებას, მხედველობაში მაქვს გადაადგილების შეზღუდვას, არამედ, ასევე უფრო მტკივნეულ სანქციებსაც, მათ შორის ფინანსურ სანქციებს, ანუ ისეთ სანქციებს, რომელიც მატერიალურ ზიანს მიაყენებდა ადამიანებს, რომლებიც დამნაშავე არიან საქართველოში დემოკრატიის დარღვევაში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოს და აფერხებს მის ინტეგრაციას ევროკავშირთან.

- შეეძლებათ თუ არა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ჩვეულებრივი პასპორტებით ევროპაში უპრობლემოდ მიმოსვლა?

- ნებისმიერი დიპლომატიური პასპორტის მონაცემები სრულადაა შეყვანილი ევროკავშირის შენგენის ზონის მონაცემთა ბაზაში.

ამ ბაზაში შეყვანილია დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელთა მონაცემებიც. არა მარტო პირადობის დამადასტურებელთა მონაცემები, არამედ ბიომეტრიული მონაცემებიც.

- რაც შეეხება დიპპასპორტის მქონე პირთა სიას, იგი საკმაოდ გრძელი გამოდგა. ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დიპლომატიური პასპორტებით სარგებლობის შეზღუდვა რას შეიძლება ნიშნავდეს?

- დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ვიზა მოეთხოვებათ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოქმედ დიპლომატებს ეკრძალებათ შენგენის ზონის ქვეყნებში გადაადგილება. უბრალოდ, ევროკავშირი იტოვებს შესაძლებლობას რომ შენგენის ვიზა არ გაიცეს იმ ადამიანებზე, რომლებსაც თვლის დამნაშავედ კონკრეტულ დანაშაულში. თუ ადამიანს აქვს დიპლომატიური პასპორტი და ის მუშაობს დიპლომატად ევროპის რომელიმე ქვეყანაში, ის ევროპის ქვეყნებში თავისუფლად იმოძრავებს უვიზოდ, რადგან მას გააჩნია ქვეყანაში დიპლომატიური აკრედიტაციის ბარათი. მაგალითად, თუ მუშაობ საფრანგეთში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აძლევს მას აკრედიტაციის ბარათს და მას ვიზა არ სჭირდება. მაგრამ, თუ ადამიანი მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში და აქვს დიპლომატიური პასპორტი, მას დასჭირდება ვიზის აღება ევროპის ქვეყნებში მოსახვედრად.

ევროკავშირი იტოვებს შესაძლებლობას რომ შენგენის ვიზა არ გაიცეს იმ ადამიანებზე, რომლებსაც თვლის დამნაშავედ კონკრეტულ დანაშაულში

რაც შეეხება დანარჩენებს, ვისაც ჰქონდა დიპლომატიური პასპორტი, მხედველობაში მაქვს მაღალი თანამდებობის პირებს. ამ ჩამონათვალში შეიძლება შედიოდნენ მინისტრები, მათი მოადგილეები, პირები, რომლებსაც აქვთ გავლენა მთავრობაში, ხანდახან დიპლომატიური პასპორტები გაიცემა ადამიანებზე, რომლებსაც დიპპასპორტი თანამდებობრივად არც ეკუთვნით, მაგრამ, გააჩნიათ არაფორმალური გავლენა საზოგადოებაში, სახელმწიფოში.

თუ ადამიანებზე არ არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი დამნაშავე არიან არაფერში, მათ ვიზას მისცემენ. ვიზის აღება დაკავშირებულია დროსთან, მათთან დაკავშირებით პროცესი გადავა გამარტივებულ სავიზო რეჟიმში. ამ რეჟიმში გადასვლა ნიშნავს საკმაოდ ძალიან დაბალ ფასში ვიზის მიღებას.

თუ ადამიანებზე არ არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი დამნაშავე არიან არაფერში, მათ ვიზას მისცემენ. ვიზის აღება დაკავშირებულია დროსთან, მათთან დაკავშირებით პროცესი გადავა გამარტივებულ სავიზო რეჟიმში. ამ რეჟიმში გადასვლა ნიშნავს საკმაოდ ძალიან დაბალ ფასში ვიზის მიღებას

- პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა - „ევროკავშირის უმოქმედობა აძლიერებს ივანიშვილის რეჟიმს. დასაჯეთ ისინი, ვინც ანგრევს საქართველოს მომავალს და უზრუნველყოფს რუსეთის გამარჯვებას“. დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირში გაცნობიერებული აქვთ, რომ „ევროკავშირის უმოქმედობა, უზრუნველყოფს საქართველოში რუსეთის გამარჯვებას“?

- დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ, ევროკავშირი არ არის ერთი სახელმწიფო, ევროკავშირი სახელმწიფოების კავშირი და გაერთიანებაა. ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან 25 სახელმწიფო მხარს უჭერდა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ სხვა სახის სანქციების დაწესებას. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც რეალურად არიან დამნაშავე იმაში, რაც აქციის მომიტინგეების წინააღმდეგ დანაშაულს სჩადიოდა.

ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკაში ერთიანობის დემონსტრირება. ამ კავშირში შემავალი ქვეყნების ხელშეკრულებით ვალდებულებებია, იგულისხმება უმნიშვნელოვანეს საკითხებში კონსენსუსის მიღწევა.

ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან 25 სახელმწიფო მხარს უჭერდა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ სხვა სახის სანქციების დაწესებას. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც რეალურად არიან დამნაშავე იმაში, რაც აქციის მომიტინგეების წინააღმდეგ დანაშაულს სჩადიოდა

მაგრამ, თუ კონსენსუსი არ მიიღწევა, ქვეყნებს შეუძლიათ იმოქმედონ ცალმხრივად. ამას ძალიან იშვიათად იყენებენ, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ერთიანობის მიღწევა, ძალიან მაღალი რანგის ამოცანაა. ცდილობენ სხვადასხვა გზებით კომპრომისებით მიაღწიონ კონსენსუსს.

ამ მომენტისთვის ევროკავშირში მიმდინარეობს მუშაობა, კონსენსუსის ძიება უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებთან და ცდილობენ რომ ერთიანობა არ დაირღვეს. ამავე დროს ბალტიის ქვეყნებმა დაიწყეს ცალმხრივი სანქციების დაწესება, ასევე საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის, ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნებმა, რომ ისინი კოალიციას შექმნიან.

რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს. ეს ცოტა უფრო ძნელი გასატარებელია როცა ევროკავშირის ქვეყნებში ერთიანობა არ არის. რაც შეეხება შენგენის ზონაში ვიზის დაწესებას, აქ გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებს შორის ნაკლები რაოდენობით მიიღება.

რაც შეეხება ფინანსურ სანქციებს. აქ აუცილებელია ძალიან მაღალი უმრავლესობით გადაწყვეტილების ცალმხრივად მიღება. ერთიანად ვეღარ მიიღებენ. ცალკეული ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას სანქციების მიღებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში ცხადია გახდება, რომ ევროკავშირში არ არსებობს ერთიანობა საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე. ისეთ საკითხზე, როგორიცაა საქართველოსთან ურთიერთობა.

რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს. ეს ცოტა უფრო ძნელი გასატარებელია როცა ევროკავშირის ქვეყნებში ერთიანობა არ არის. რაც შეეხება შენგენის ზონაში ვიზის დაწესებას, აქ გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებს შორის ნაკლები რაოდენობით მიიღება

მაგრამ, ადრე თუ გვიან, ისინი ამას მიიღებენ. უფრო სწორად, ალბათ საკმაოდ სწრაფად. ასე ჩანს, რადგან კონსულტაციები მიმდინარეობს და მომავალი წლის დასაწყისში მიიღება ეს გადაწყვეტილებები. თუ რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არ შეცვლის პოლიტიკას და არ დაიწყებს დიალოგს თავის ხალხთან კრიზისიდან გამოსვლის გზებზე.

- ახლა დასავლელი პარტნიორების მხრიდან ხშირად ისმის მოწოდებები დიალოგის დაწყების შესახებ. „ქართული ოცნების“ ლიდერებიც ასევე ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დიალოგისთვის მზად არიან.

კარგი იქნებოდა, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგი არჩევნების წინ რომ ყოფილიყო. მაგრამ, „ქართული ოცნება“ აგრძელებს ოპონენტების მიმართ ისეთი რიტორიკის გამოყენებას, როგორიც მას არჩევნებამდე ჰქონდა. ანუ, მთელ ოპოზიციას „ლიბერალურ ფაშისტებად“, დასავლეთის აგენტებად და უსამშობლოებად მოიხსენიებს. ოპონენტებს სდებს ბრალს, რომ ისინი თითქოს ოჯახის სიწმინდის წინააღმდეგი არიან, მხარს უჭერენ ლგბტ თემს.

ვითარებაში, როცა ვიცით, რომ „ქართული ოცნებამ“ დაკავებულების გათავისუფლება დაიწყო, მაგრამ ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე უარს ამბობს, დიალოგი რა თემაზე უნდა შედგეს?

- დიალოგი „ქართულ ოცნებასთან“ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთადერთ საკითხზე - არჩევნების ჩატარების თარიღზე, ასევე ახალი ცესკო-ს შემადგენლობაზე. ანუ ისეთ საკითხებზე, რაც უკავშირდება ახალი არჩევნების ჩატარებას. დიალოგი ასევე შეიძლება წარიმართოს ისეთ საკითხზე, როგორიცაა ეთიკური ურთიერთობების ქონა ოპონენტებს შორის. ის, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს საზოგადოებაში პოლარიზაციის მაღალი დონის შენარჩუნებაა.

დიალოგი „ქართულ ოცნებასთან“ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთადერთ საკითხზე - არჩევნების ჩატარების თარიღზე, ასევე ახალი ცესკო-ს შემადგენლობაზე. ანუ ისეთ საკითხებზე, რაც უკავშირდება ახალი არჩევნების ჩატარებას

„ქართული ოცნება“ ახლა ისევე მოქმედებს როგორც არჩევნების წინ. არჩევნების წინ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა საზოგადოებაში მაქსიმალური პოლარიზაციის ვითარების შექმნის სტრატეგია. არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ამგვარ სტრატეგიას ახლაც აგრძელებს. არჩევნები კი დამთავრდა, მაგრამ, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ თვლის, რომ არჩევნების შედეგი მოსახლეობას არ მიუღია და ამიტომაცაა, რომ მას თავისი სტრატეგია არ შეუცვლია.

არჩევნებამდე ევროკავშირი საქართველოში ყოველთვის დეპოლარიზაციას ითხოვდა, მაგრამ, ეს არ შედიოდა „ქართული ოცნების“ ინტერესებში. მას უნდოდა მთელი ოპოზიციური სპექტრის და ყველა იმათი მარგინალიზაცია, ვინ მის მხარეს არაა. ამით „ქართულ ოცნებას“ სურდა მერყევი ხალხის დაშინება. არჩევნებამდე მათი გზავნილი ასეთი იყო - თუ შენ მე არ მიჭერ მხარს, მე გამოგაცხადებ რადიკალად.

შემდეგ ამას მოჰყვა ივანიშვილის განცხადება, რომ არჩევნების შემდეგ გააუქმებს ოპოზიციას და მის მხარდამჭერებს მოსთხოვს პასუხს. ხალხის დაშინებისთვის „ქართულ ოცნებას“ სჭირდებოდა საზოგადოების პოლარიზაცია. არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე თქვა უარი.

არჩევნების წინ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა საზოგადოებაში მაქსიმალური პოლარიზაციის ვითარების შექმნის სტრატეგია. არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ამგვარ სტრატეგიას ახლაც აგრძელებს. არჩევნები კი დამთავრდა, მაგრამ, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ თვლის, რომ არჩევნების შედეგი მოსახლეობას არ მიუღია და ამიტომაცაა, რომ მას თავისი სტრატეგია არ შეუცვლია

თუ ისევ დიალოგის თემას დავუბრუნდებით, კარგი იქნება, თუ მხარეები შეთანხმდებიან იმაზე, პოლიტიკურ ბრძოლაში არ იქნას გამოყენებული სიძულვილის ენა, დაშინება, შანტაჟი და არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ გარემოში და საერთაშორისო კონტროლით. გარწმუნებთ, ყველას უნდა მშვიდობა და ის, რომ ერთმანეთი არ სძულდეთ.

- ევროპელი პარტნიორები დიალოგისკენ კი მოგვიწოდებენ, მაგრამ, „ქართული ოცნება“ საზოგადოებასთან დიალოგს განიხილავს, როგორც საშუალებას დაიყოლიოს ოპონენტები შეეგუონ არჩევნების შედეგებს.

ოპონენტები კი „ქართული ოცნებისაგან“ მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს. ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი ქუჩაშია გადმოსული. ხელისუფლების მხრიდან ამის თანმდევი ქმედებებიც ვნახეთ. ასეთ ვითარებაში, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?

- ძალიან რთულია იმის პროგნოზირება თუ როგორ განვითარდება პროცესები. კრიზისიდან გამოსვლის გზა ჩანს მხოლოდ დიალოგში, რომლის წარმოებაც ხელისუფლებას არ უნდა, რადგან იგი ინერციით აგრძელებს საზოგადოების პოლარიზაციის სტრატეგიას.

კრიზისიდან გამოსვლის გზა ჩანს მხოლოდ დიალოგში, რომლის წარმოებაც ხელისუფლებას არ უნდა, რადგან იგი ინერციით აგრძელებს საზოგადოების პოლარიზაციის სტრატეგიას

რაც მეტად ხმამაღლა ჩანს პროტესტი საზოგადოების, „ქართული ოცნება“ მეტად ახდენს სხვა აზრზე მყოფი ადამიანების დემონიზებას, პრაქტიკულად ხლეჩს საზოგადოებას. ხელისუფლებას ეტყობა, რომ არ გააჩნია პასუხისმგებლობა ადამიანების არც მშვიდობაზე, არც კეთილდღეობაზე და სიცოცხლის უფლებაზე, და თავისი რიტორიკით საზოგადოებას პრაქტიკულად უბიძგებს სამოქალაქო ომისკენ. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა არ უნდა შეშინდეს და გააგრძელოს ბრძოლა.

მოსახლეობა არ იბრძვის სკამებისთვის და ძალაუფლებისთვის. მოსახლეობა იბრძვის იმისთვის რომ მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოუსმენს მას და ხალხს ერთმანეთთან არ დააპირისპირებს და შენარჩუნდება ქვეყნის საგარეო კურსი და ის საგარეო პრიორიტეტები, რომელიც მას გააჩნდა უკანასკნელი 30 წლის მანძილზე.

მოსახლეობა არ იბრძვის სკამებისთვის და ძალაუფლებისთვის. მოსახლეობა იბრძვის იმისთვის რომ მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოუსმენს მას და ხალხს ერთმანეთთან არ დააპირისპირებს და შენარჩუნდება ქვეყნის საგარეო კურსი და ის საგარეო პრიორიტეტები, რომელიც მას გააჩნდა უკანასკნელი 30 წლის მანძილზე

საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი სხვაგვარად ვერ ხედავს კრიზისიდან გამოსავალს. ახლა ეს საზოგადოება ნამდვილად არის უმრავლესობა. საზოგადოების იმ ნაწილში, რომლებმაც ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, იქაც ახლა ძალიან ბევრი მერყევია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, არჩევნების ჩატარების ლამის ერთი თვის თავზე ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხს 2028 წლამდე არ დააყენებს.

კრიზისიდან გამოსვლის გზა ხელახალი არჩევნების დანიშვნაა, მაგრამ, მოახდენს თუ არ „ქართული ოცნება“ ამის რეალიზაციას, ამის პროგნოზირება არის ძალიან ძნელი. საჭიროა საქართველოს საკითხში დასავლეთის მხრიდან უფრო აქტიური ჩართულობა და სანქციების პოლიტიკით „ქართული ოცნებისთვის“ უფრო სერიოზული მესიჯების გაგზავნა. რა თქმა უნდა, დიპლომატიური პასპორტების შეჩერება საკმარისი არ არის.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...