რა შეიცვალა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში | ISFED შეფასებას აქვეყნებს
არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები მკვეთრად აუარესებს საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივ მდგომარეობას, – ამის შესახებ განცხადებას „სამართლიანი არჩევნები” (ISFED) ავრცელებს და კანონში შესულ ცვლილებებს განმარტავს.
გთავაზობთ ძირითად ამონარიდებს ISFED-ის შეფასებიდან:
1 – ცვლილებების მიღებამდე საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობაზე საჯარო მოხელეები ინიშნებოდნენ განუსაზღვრელი ვადით. მოხელის განუსაზღვრელი ვადით დანიშვნის მიზანია პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის შექმნა.
განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირი და საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე განწესებული პირი ითვლება ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირად, რაც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელ პირს უფლებას ანიჭებს ნებისმიერ დროს, ერთი თვით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში, გაათავისუფლოს არასასურველი კადრი.
გარდა ამისა, მათი ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადას, დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტა გამოიწვევს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლებამოსილებას შეწყვეტას.
მოცემული ცვლილებების შედეგად, ის საჯარო მოხელეები, რომლებიც წლებია ემსახურებიან სახელმწიფო ინტერესებს, საჯარო სამსახურს, კანონის ამოქმედებისთანავე ყოველგვარი სამართლებრივი გარანტიების გარეშე აღმოჩნდებიან.
ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე ამიერიდან მიიჩნევიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად, შესაბამისად, მათზე აღარ გავრცელდება მოხელისათვის გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის სახელმწიფო ენის ცოდნის, მოხელის სერტიფიკატისა და ასაკთან დაკავშირებული საკითხები.
რეორგანიზაცია
2 – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას, მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით დანიშნულ იქნას იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
ცვლილებების მიხედვით კი, რეორგანიზაციის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მსგავსი შესაძლებლობით სარგებლობის უფლება ჩამოერთმევათ და აღნიშნული შესაძლებელი იქნება მხოლოდ, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას;
3 – ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულება აღარ არის ვალდებული აღადგინოს სამსახურში რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული და სასამართლო ან ზემდგომი ორგანოს მიერ გამართლებული საჯარო მოხელე. ცვლილებები გამორიცხავს რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენის შესაძლებლობას, მიუხედავად გათავისუფლების გადაწყვეტილების გაუქმებისა და სასამართლოს მიერ გათავისუფლების უკანონოდ ცნობისა. ამ შემთხვევაში, მოხელეს მიეცემა მხოლოდ განაცდური თანამდებობრივი სარგო და კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. გარდამავალ პერიოდში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე გავრცელდება ის ნორმები, რომლებიც საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს, რაც კიდევ უფრო გააფართოებს იმ პირთა წრეს, რომლებიც რეპრესიული მექანიზმების გამოყენების გზით შეიძლება გათავისუფლდნენ სამსახურიდან.
4 – ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილი იქნება მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს შეფასებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში მას ხელფასიდან 20% დაუკავდება მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე. აღნიშნული მექანიზმი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საჯარო მოსამსახურეთა დასჯის მიზნით.
„სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები მიმართულია საჯარო მოსამსახურეების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებისკენ. აღნიშნული ცვლილებების რეალურ მიზანს წარმოადგენს არა სისტემის გაჯანსაღება, არამედ საჯარო მოხელეთა დაშინება, ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის დასჯა და საჯარო უწყებების პარტიულ ინსტრუმენტად გარდაქმნა. ეს კი თავის მხრივ საფრთხეს უქმნის საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობას, პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობას, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა”, – ვკითხულობთ ISFED-ის განცხადებაში.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.