Jump to content
Planeta.Ge

პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, პატიმრობა გირაოთი შეეცვალა აქციაზე დაკავებულ არასრულწლოვანს


არასრულწლოვანს, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალა და დარბაზიდან გათავისუფლდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 წლის მ.გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

„ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოში იშუამდგომლა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული პატიმრობის შეცვლით. ამ შემთხვევაში, არასრულწლოვანს განესაზღვრა მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემა. არასრულწლოვნის სათანადო ქცევაზე კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მამა იქნება პასუხისმგებელი. ეს იყო ყველაზე მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს არასრულწლოვნის მიმართ. ამ შემთხვევაში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით გადაწყვეტილება მივიღეთ, აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიგვემართა.

ამ შემთხვევაში წარდგენილი იყო ბრალდება საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ ოთახში ხანძრის გაჩენის ეპიზოდზე. სხვადასხვა გარემოებები არსებობდა, რომელიც აღკვეთის ღონისძიებას საფუძვლად დაედო. ამ შემთხვევაში, არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესი გავითვალისწინეთ.

როდესაც არასრულწლოვნის გადაცემა ხდება მშობლის მეთვალყურეობაში, ლოგიკურია, მშობლის თანხმობა, მზაობა უნდა არსებობდეს. არასრულწლოვანთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებები არსებობდა, რომელზეც მშობელი არ იყო ინფორმირებული და ფაქტობრივად, ეს პერიოდი ბრალდების მხარემ ოჯახთან კომუნიკაციაში იმ კუთხით გამოიყენა, რომ გაეაზრებინათ ის პასუხისმგებლობა, რომ მათ შორის, არასრულწლოვანი ღამის საათებში გარეთ არ უნდა იმყოფებოდეს, ის უსაფრთხო გარემოში უნდა იმყოფებოდეს, ეს გარანტიები მივიღეთ”,- განაცხადა საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...