Jump to content
Planeta.Ge

NGO-ები: „ოცნების“ მიღებული ცვლილებები მიზნად ისახავს მომიტინგეთა და საჯარო მოხელეთა რეპრესიებს


„საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივმა მრჩეველმა გიორგი ბურჯანაძემ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროექტის მენეჯერმა ლიკა საჯაიამ საჯარო სამსახურის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ კოდექსში შესული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ბრიფინგი გამართეს.

მათი შეფასებით, ეს ცვლილებები მიზნად ისახავს მომიტინგეთა და საჯარო მოხელეთა რეპრესიებს. ეს წესები წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის საყოველთაო უფლებებთან.

  1. მიტინგების წესებისა და ადმინისტრაციული ჯარიმების გამკაცრება

„პირი შეიძლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით დააკავონ, იმის მიუხედავად, რომ ახალი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. ამ ცვლილებებით უხეშად ლახავენ სამართლის ძირითად პრინციპს, რომ პირი ჩაუდენელი ქმედებისთვის არ შეიძლება დაისაჯოს და  ასევე, შეკრებისა და მანიფესტაციის საყოველთაო უფლებას. მსგავსი რეპრესიული ღონისძიებები დამახასიათებელია მხოლოდ ავტოკრატიული რეჟიმებისთვის,  წინააღმდეგობაშია სამართლის ძირითად პრინციპებთან და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან.

  • ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა დაჯარიმდება 5 000 ლარით ან 15 დღემდე პატიმრობით, ამ ქმედების „ორგანიზატორი“ კი 15 000 ლარიანი ჯარიმით ან 15 დღემდე პატიმრობით დაისჯება. ჯარიმა მონაწილისთვის 500, ხოლო ორგანიზატორისთვის 5000 ლარი იყო. ფინანსური ჯარიმების გაზრდა ემსახურება ხალხის დაშინებას. ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის მოსაზრებით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, არაპროპორციულმა სანქციამ, მათ შორის მკაცრმა ჯარიმამ, შესაძლოა დაარღვიოს შეკრების თავისუფლების უფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან.
  • ქალაქში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა გამოიწვევს მართვის უფლების 1 წლის ვადით შეჩერებას. აქამდე ამ ქმედებისთვის მხოლოდ 1000 ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული, ამ ცვლილებით კი შესაძლებელი იქნება მძღოლების დასჯა მართვის უფლების ერთი წლით ჩამორთმევის სახით.
  • აქციაში მონაწილეთა მშობლების დაჯარიმება იგეგმება. მშობელი დაჯარიმდება 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით არასრულწლოვანის მიერ პიროტექნიკის გამოყენებისა და ძალოვანი უწყების წარმომადგენლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. ამ ნორმის შემოღება უკავშირდება იმ პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომელსაც ავრცელებენ აქციის პერიოდში, თითქოს მშობლები აძალებენ არასრულწლოვანებს მიიღონ აქციებში მონაწილეობა. ასევე პროპაგანდისტული მედიები ავრცელებდნენ ინფორმაციას იმაზე, რომ იქ მიტინგზე უპასუხისმგებლო მშობლები არიან. ამ პროპაგანდისტულ გზავნილების გავრცელებაში ჩაერთნენ შსს მინისტრის მოადგილეც და სახალხო დამცველიც.
  • რეპრესიული კანონით 20-ჯერ იზრდება ჯარიმები ფასადებზე წარწერების და პლაკატების გაკეთებისთვის, მინიმალური ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე, ხოლო მაქსიმალური 2000-დან 3500 ლარამდე იზრდება.
  • 2000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების სხვა საშუალების გამოყენება. გაუგებარია რა ტიპის საშუალებაზეა აქ საუბარი და ვინ განსაზღვრავს რამდენად მკვეთრია გამოსხივება. ამ ლოგიკით შესაძლებელია ფანრის ან სულაც მობილური ტელეფონის გამოსხივება იყოს აკრძალული. ასევე გაუგებარია როგორ მოხდება ამ ნორმის აღსრულება.
  • კრძალავენ სახის ნიღბით ან ნებისმიერი საშუალებით დაფარვას. ჯარიმა ამ შემთხვევაში 2000 ლარია. აქციის დროს ადამიანები სახეს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით იფარავენ. ფაქტობრივად ადამიანს ეკრძალება, დაიცვას თავი პოლიციის მიერ ცრემლსადენი და მხუთავი გაზის გამოყენების დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ცვლილების ერთ-ერთი შედეგი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობის უფრო მეტად დაზიანება იქნება. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნომერი არ აქვთ, რაც საერთაშორისო სტანდარტების დარღვევაა და დაუსჯელობის წახალისებას წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან. მაშინ, როდესაც მოძალადე პოლიციელებისა და სპეცრაზმის წარმომადგენლების იდენტიფიცირება შეუძლებელია და მათი მხრიდან კანონის დარღვევაზე რეაგირებაც არ ჩანს კაციტაძის უწყების მხრიდან, მსგავსი ნორმის შემოღება  აბსურდულია და მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო გადაქცეულია რეპრესიულ მანქანად, რომლის მიზანი განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრების მქონე ადამიანების დასჯაა.
  • კრძალავენ შსს ფორმის, ატრიბუტიკის და მიმსგავსებული შემოსვა/ატრიბუტიკის გამოყენებას, ამისთვის კი ჯარიმას აწესებენ 2000 ლარს. გაუგებარია რა ტიპის ჩაცმულობაზეა საუბარი. ეს გახდება ფართო ინტერპრეტაციის საგანი. მიზანი კანონის შერჩევითი აღსრულებაა.
  • აქციებზე პიროტექნიკის გამოყენება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. გაუგებარია რა ტიპის პიროტექნიკაზეა საუბარი. ადამიანისთვის ჯანმრთელობის ხელყოფა ისედაც დასჯადია, თუმცა ამ ნორმის შემოტანა ემსახურება ბოლო პერიოდის მიტინგების სპეციფიკას. პიროტექნიკის გამოყენება აქციაზე ასაფეთქებელი, რადიოაქტიური, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის გამოყენებას უთანაბრდება.
  1. „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეთა  რეპრესიების ზომებს ამკაცრებს

„ქართულმა ოცნებამ” საჯარო მოხელეების მისამართით გამოთქმული მუქარა –  რომ მათ მიერ დაფიქსირებულ უკმაყოფილებას „რეაგირება მოჰყვებოდა“ –  რამდენიმე დღეში სისრულეში მოიყვანა. კერძოდ პარტიამ საქმე გაიმარტივა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ისეთი ჩანაწერები შეიტანა, რომლის საფუძველზეც საჯარო მოხელეები სამართლებრივი დაცვის გარეშე დატოვეს, ხოლო არასასურველ საჯარო მოხელეს სამსახურიდან  როცა მოესურვებათ მაშინ გაუშვებენ. კერძოდ:

  1. საჯარო სამსახურში თანამდებობებზე პირების დანიშვნის წესი იცვლება:
  • შუა რგოლის თანამდებობის პირები აღარ ჩაითვლებიან უვადოდ დანიშნული საჯარო მოხელეებად: კანონის ამოქმედების დეპარტამენტის და სამსახურის უფროსები და მათი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ჩაითვლებიან, რაც ნიშნავს რომ მათ შრომის პირობები ეცვლებათ და უვადოდ დანიშნულებად აღარ ითვლებიან. უწყების ხელმძღვანელს/მინისტრს ნებისმიერ დროს შეეძლება ერთი თვით ადრე გააფრთხილოს და გაათავისუფლოს ისინი სამსახურიდან.
  • უწყების ხელმძღვანელის/მინისტრის დანიშვნის შემთხვევაში ყველა ზემოაღნიშნული თანამდებობის პირი ტოვებს თანამდებობას. მიუხედავად იმისა რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ აღნიშნული მოხელეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და გაუარესებული შრომითი პირობებით გააგრძელებენ საქმიანობას, კანონის მიხედვით, უწყებაში ახალი მინისტრის მოსვლის შემთხვევაში  მათ ავტომატურად შეუწყდებათ ხელშეკრულება.
  • უკონკურსოდ დანიშვნის წესი ბრუნდება. ახალ ხელმძღვანელს/მინისტრებს უფლება ენიჭებათ საჯარო სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე (მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მოადგილე, სამსახურის უფროსი, მოადგილე და აშ) ხელშეკრულებით უკონკურსოდ დანიშნოს პირები მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადით.  პირებს არა მხოლოდ კონკურსში მონაწილეობა არ მოეთხოვებათ, მათთვის ამიერიდან უმაღლესი განათლებაც და სახელმწიფო ენის ცოდნაც არაა სავალდებულო. ყოველივე ზრდის ნეპოტიზმის რისკებს და ძირს უთხრის საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობას და პროფესიულ სტანდარტებს.
  • საჯარო სამსახურში თანამდებობის პირების მუშაობის ვადა შემოიფარგლება მინისტრის თანამდებობაზე ყოფნით. ეს  იმას ნიშნავს, რომ ყოველი ახალი მინისტრი მისთვის სასურველ დეპარტამენტის ხელმძღვანელს და მის მოადგილეებს დანიშნავს. დანიშვნის დროს კი გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ამ პირის უშუალოდ მათი ხელმძღვანელის მიმართ ლოიალურობა და არა კვალიფიკაცია. ამით მთლიანად ირღვევა საჯარო სამსახურის სტაბილურობა  და ინსტიტუციური მეხსიერება.
  1. იცვლება საჯარო მოხელეების შეფასების სისტემა.
  • საჯარო მოხელეს წელიწადში ერთის ნაცვლად, 2-ჯერ შეაფასებენ – კერძოდ, 2 უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, მას ორი წლის ნაცვლად ერთ წელიწადში დაატოვებინებენ სამსახურს. როგორც ჩანს, ეს წინა ცვლილებასთან არის კავშირში. ახალი მინისტრის მიერ მოყვანილ ახალ თანამდებობის პირს შეეძლება მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები მარტივად გაუშვას სამსახურიდან.
  • საჯარო მოხელის უშუალო უფროსის შეფასება დაწესებულების უფროსს შეუძლია შეცვალოს.   დაწესებულების უფროსს, მიუხედავად იმისა თუ რა შეფასებას აკეთებს საჯარო მოხელის უშუალო უფროსი, შეუძლია შეცვალოს ეს შეფასება. რაც შეიძლება საფუძველი გახდეს ამ პირის გათავისუფლების ან მისთვის ხელფასის 20% დაქვითვის.  აღნიშნული ცვლილებაც ემსახურება იმას, რომ თუკი ახალი უწყების ხელმძღვანელი შეეცდება მისთვის არასასურველი პირების სამსახურიდან გაშვებას მისთვის უშუალო ხელმძღვანელის შეფასება წინაღობას აღარ წარმოადგენს და მას მარტივად ექნება შესაძლებლობა კვალიფიციური კადრიც გაუშვას თანამდებობიდან.
  1. საჯარო მოხელის შრომითი გარანტიები უქმდება: რეორგანიზაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს სასამართლოში საქმის მოგების შემთხვევაში სამსახურში აღარ აღადგენენ და რეზერვში ჩარიცხავენ.

 ეს წესები აზრს უკარგავს საჯარო სამსახურის რეფორმას, რომელიც არაერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და საჯარო სამსახურს მთლიანად პარტიულ ნებას უქვემდებარებს. ეს ყველაფერი კი სახელმწიფოს მიტაცების კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...