Jump to content
Planeta.Ge

საჯარო დაწესებულებების მენეჯერებისა და მათი მოადგილეებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება


„ქართულმა ოცნებამ“ სამი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება. ახალი კანონით, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები ხდებიან.

საჯარო სამსახურის შესახებ ჯერ ისევ მოქმედი კანონით, მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იცის სახელმწიფო ენა; ბ) მიაღწია 18 წელს; გ) აქვს ამ კანონით გათვალისწინებული მოხელის სერტიფიკატი. იურისტები განმარტავენ, რომ ამ ნორმის მოქმედება არ ვრცელდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე.

 “…რადგან ახალი რედაქციით, მათზე არ ვრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ის მუხლი, რომლითაც საჯარო მოხელეებისათვის სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულოა” – უთხრა „პუბლიკას“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.

ირუსიტმა თამარ სურმავამ დაწერა, რომ ცვლილების მიხედვით:

  • „პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს – იგივე შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა] შეიძლება შეუწყდეთ ხელშეკრულება ნებისმიერ დროს 1 თვით ადრე გაფრთხილების პირობით. ასეთ დროს მიიღებენ მხოლოდ 1 თვის კომპენსაციას.
  • პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების და მათ მოადგილეების – შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პირების [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა] ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის [მაგ. მინისტრის] უფლებამოსილების ვადას. ხოლო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებისილების შეწყვეტა, იწვევს აწ უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების უფლებამოსილების შეწყვეტას.
  • შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა] დანიშვნა განხორციელდება პირდაპირ დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, აღარ არის საჭირო კონკურსი.
  • მათთვის სავალდებულო მოთხოვნა აღარაა სახელმწიფო ენის ცოდნა, 18 წლის ასაკის მიღწევა. ასევე არ არის საჭირო მოხელის სერთიფიკატი. ეს მაშინ, როცა დაქვემდაბარებაში მყოფ პირს ესაჭირება სერთიფიკატი“.

სოციალურ ქსელში ნინო კაპანაძე, სამართლის (LL.M), საჯარო სამართლისა და საჯარო მმართველობის მაგისტრი წერს, რომ საჯარო სამსახურის კანონში ცვლილება „უარესზე უარესია“. მისი თქმით:

„– მოხელისთვის ახალი ფუნქციის მინიჭება აღარ განიხილება რეორგანიზაციად, პირიც ავტომატურად აღარ გათავისუფლდებაო, მაგრამ კონკურსი მაინც გამოცხადდებაო. აზრი?

– არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში მოხელეს დაუკავდება სარგოს 20% მომდევნო შეფასების დაწყებამდე (დაახლოებით 5 თვე გამოდის);

– შეფასება შესაძლებელი იქნება 6 თვეში ერთხელ (1 წლის ნაცვლად);

– მოხელის შეფასების გადახედვა 1 თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი (პირველ ვარიანტში 3 თვე ჰქონდათ);

– რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრება ამ პროცესს არ შეაჩერებს“.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...