Jump to content
Planeta.Ge

ესტონეთმა ირაკლი კობახიძე და კიდევ 13 პირი დაასანქცირა


ესტონეთმა დაასანქცირა “ქართული ოცნების” 14 მაღალჩინოსანი. მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.

“ესტონეთმა დაასანცირა საქართველოს ხელისუფლების 14 მაღალჩინოსანი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ხელისუფლების მიერ დემონსტრანტებზე, ჟურნალისტებზე და ოპოზიციის ლიდერებზე ძალადობა არის კრიმინალი და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ქვეყნებს რეაგირებისა და მოქმედებისკენ”, – დაწერა ჰაცკნამ.

 

ეს არ არის ესტონეთის მიერ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების დასანქცირების პირველი შემთხვევა. 1-ელ დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესტონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ შეზღუდვები დაუწესა შემდეგ პირებს: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს (შს მინისტრი), შალვა ბედოიძეს (შს მინისტრის მოადგილე), იოსებ ჭელიძეს (შს მინისტრის მოადგილე), ალექსანდრე დარახველიძეს (შს მინისტრის მოადგილე), გიორგი ბუთხუზს (შს მინისტრის მოადგილე), ზვიად ხარაზიშვილს, იგივე “ხარებას” (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი), მილერი ლაგაზაურს (“ხარებას” მოადგილე), მირზა კეზევაძეს (“ხარებას” მოადგილე), ვაჟა სირაძესა (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) და თეიმურაზ კუპატაძეს (კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი).

გარდა ამისა, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა იგივე მოქმედებისკენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა.

“ქართული ოცნების” მაღალჩინoსნების დასანქცირების შემდეგ, ბალტიის ქვეყნების ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ელჩებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა, რომელიც ამ თანამდებობაზე დღეს, 3 დეკემბერს დაინიშნა. მან თეიმურაზ ჯანჯალია ჩაანაცვლა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე გადადგა. უწყების განცხადებით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა სამი ქვეყნის მიერ საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...