საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ ყოფილა ილჰამ ალიევის ვიზიტზე, პრეზიდენტი გამოხატავს მზაობას, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა ინფორმირებული ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ.
„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს საქართველოში.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება.
საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს“,- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
1tv.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.