Jump to content
Planeta.Ge

ალუდა ღუდუშაური - სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეში რაიმე შეეძლო სხვაგვარად გაეკეთებინა ბატონ მურუსიძეს და არ გააკეთა, ეს არის წარმოუდგენელი, ნებისმიერმა იურისტმა მშვენივრად და კარგად იცის


საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ყველა ბრალდება დადასტურებული აქვს ევროპულ სასამართლოს, შესაბამისად, ეს არაფერია თუ არა პირდაპირ, უხეშად სილის გაწვნა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ შალვა პაპუაშვილის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის წერილის მიწერის მიზეზებზე და ევროპული საბჭოს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

ალუდა ღუდუშაურის თქმით, შალვა პაპუაშვილის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის წერილის მიწერის მიზეზია ისიც, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგოს, რა ჩანაწერი შეაცურეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რეზოლუციაში.

„როდესაც რეზოლუციისთვის და მისი შინაარსობრივი მხარისთვის დამაზიანებელი ჩანაწერი შეაცურეს თუ შეაპარეს, რომელიც სააკაშვილს ეხება, ეს არის პირდაპირ ავტორიტეტზე დარტყმა და თვითონ რეზოლუციის წონადობის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დაყენება. ბუნებრივია, გაკეთდა განცხადებები, პოზიცია განიმარტა ჩვენი მხრიდან, თუმცა დღემდე ჩვენ გვესმოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ძალიან სამარცხვინო სპეკულირება აღნიშნულთან დაკავშირებით, ამიტომ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, რომ უპირველეს ყოვლისა საზოგადოებამ, მით უფრო საერთაშორისო საზოგადოებამ, ნათლად დაინახოს თუ რაზეა საუბარი. 600-ზე მეტი დეპუტატისგან შემდგარი ევროპარლამენტი როდესაც 55-56 დეპუტატით იღებს აი, ამ მართლაც სამარცხვინო ჩანაწერით რეზოლუციის ამ ტექსტს, ეს არის ზოგადად რეპუტაციული ზიანის მომტანი თვითონ ევროპარლამენტისთვის.

საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, იმ საზოგადოებამ, ვისაც წარმოადგენენ ის დეპუტატები, ვინც ხმა მისცა ამ სამარცხვინო ჩანაწერს, რომ დიახ, საქართველოს პარლამენტის და ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტის წევრზე შეკვეთილი თავდასხმა ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, მათ უნდა იცოდნენ და გაიაზრონ, რომ როდესაც ლაპარაკია სანდრო გირგვლიანის წამებით სიკვდილზე და ამაში პრეზიდენტის ძალიან სამარცხვინო და ამორალურ როლზე, მათ უნდა ესმოდეთ ძალიან კარგად, რომ ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, მათ უნდა იცოდნენ ერთი რამ, რომ ყველა ის ბრალდება დადასტურებული აქვს მათივე, ანუ ევროპულ სასამართლოს, შესაბამისად ეს არაფერია თუ არა პირდაპირ უხეშად სილის გაწვნა თვითონ ამ სასამართლოსთვის, ევროპული ღირებულებების და ევროპული საზოგადოებისათვის. ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ჩანაწერი შეაცურეს და მათ შორის პრეზიდენტმაც უნდა იცოდეს, ვინც არის წერილის ადრესატი“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ალუდა ღუდუშაურის თქმით, სააკაშვილის შესახებ ჩანაწერი რეზოლუციაში ისე „შეაცურეს“, რომ მთლიანად პარლამენტისთვის ეს ტექსტი უცნობი იყო.

გივი მიქანაძე წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას იქ და როდესაც ეს ჩანაწერი გაკეთდა ბუნებრივია, მან დააფიქსირა თავისი პოზიცია, რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა ბერკეტი იქნა გამოყენებული, თუმცა როდესაც საუბარია იმაზე, რომ შეაცურეს ჩანაწერი, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად პარლამენტისთვის ეს ტექსტი იყო უცნობი.

ბოლოს, როდესაც გაკეთდა მინაწერი, ამ დროს პრაქტიკულად თვითონ 55-56 ხმით იქნა გატანილი, მოდი ასე ვთქვათ, გათრეული, რეზოლუციის ეს ტექსტი, ეს არის სამარცხვინო, ბუნებრივია, ჩვენ ვერც ქვის სროლას დავიწყებთ და ვერც სხვა რამეს, რაც რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული, თუმცა ძალიან ღირსეული და მტკიცე რეაგირება ჰქონდა ბატონ მიქანაძეს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

რაც შეეხება შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი მოსამართლე, ლევან მურუსიძეც იყო,რომელიც "ქართულმა ოცნებამ" სისტემაში შეინარჩუნა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კი კიდევ ერთხელ აირჩიეს, ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან მურუსიძეს სანდრო გირგვლიანის საქმეში რაიმეს შეცვლა შეეძლო, სრულიად უადგილოა და ეს ნებისმიერმა იურისტმა იცის.

„ბატონმა მურუსიძემ განიხილა რევიზიის წესით, რაც აუვიდა ზედა ინსტანციაში, შესაბამისად, თუ გაამართლებდა, ბრალდებას შეუცვლიდა, კვალიფიკაციას შეუცვლიდა, მაშინ კი ბატონო, იქნებოდა საუბარი, რომ მასალები არ იძლევა ამის საშუალებას და როგორაა ეს ამბავი? არაერთხელ განმარტა ბატონმა მურუსიძემ ეს საკითხი, როდესაც მაგალითად სანდრო გირგვლიანის იმდროინდელ ადვოკატთან ბატონ შავგულიძესთან იჯდა პირისპირ.

სრულიად უადგილო მგონია სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეში რაიმე შეეძლო სხვაგვარად გაეკეთებინა ბატონ მურუსიძეს და არ გააკეთა, ეს არის წარმოუდგენელი, ნებისმიერმა იურისტმა მშვენივრად და კარგად იცის“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

გარდა ამისა ღუდუშაურმა გადაცემაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძის არჩევასაც გამოეხმაურა.

მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლება სრულად თავისუფალია და თავად იღებენ გადაწყვეტილებას ვინ აირჩიონ და ვინ არა.

„სასამართლო ხელისუფლება ანუ მართლმსაჯულება არის სრულიად თავისუფალი ჩვენი ხელისუფლების დროს, ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი, რომლის მიმართ ორკესტრირებული შტურმი, ჩარევა, ზეწოლა თუ ყოველგვარი გარე ფაქტორების გავლენა ეს არის დარტყმა და დაზიანება ინსტიტუციის.

როდესაც ვამბობთ, რომ სასამართლო არის გარე ჩარევებისგან დამოუკიდებელი, სასამართლო იღებს თვითონ გადაწყვეტილებას, როდესაც მოსამართლეები თავიანთ მმართველობით ორგანოში მოსამართლეს, მურუსიძე იქნება თუ სხვა, ნებისმიერი, ვისაც თავისი წიაღიდან მოსამართლეები წარადგენენ და მხარს დაუჭერენ, როგორ შეიძლება პოლიტიკოსებმა ან ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლებმა გარედან უკარნახონ მოსამართლეებს, ვინ უნდა იყოს არჩეული?“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...