აქციის მონაწილეები პარლამენტთან დიპლომებით მივიდნენ
საქართველოს პარლამენტთან აქცია სახელწოდებით: „ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს“ მიმდინარეობს. შესაბამისად, მომიტინგეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი დიპლომები მიიტანეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ამგვარი ფორმით აპროტესტებენ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე „უდიპლომო, გაუნათლებელი კანდიდატის“, მიხეილ ყაველაშვილის არჩევას.
„ქართველ ხალხს იმისთვის არ მიგვიღია განათლება, რომ გვყავდეს უვიცი, გაუნათლებელი პრეზიდენტი, რომელიც ამავე დროს არალეგიტიმურია“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
პარალელურად ისმის შეძახილები: „დიპლომი ყაველაშვილს“, “მონებო“, „რუსებო“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო.
პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს და პროცესს ცესკო უზრუნველყოფს.
ხმის მიცემის დაწყებამდე კოლეგიის წევრებს კენჭისყრის პროცედურა ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო.
მისი თქმით, კენჭისყრა ღიაა, კოლეგიის წევრებს სახელობითი ბიულეტენები გადაეცემათ, ხმის მიცემა კი ანბანური თანმიმდევრობით განხორციელდება.
კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცესკო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს.
პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი - მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.