ევროპარლამენტარები: ვითხოვთ დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროპარლამენტარების დელეგაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს „კრიტიკულ გზაჯვარედინზეა” და მისი დემოკრატიული მომავალი საფრთხის ქვეშაა.
ისინი მოითხოვენ ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, იმეორებენ მოწოდებას სანქციების შესახებ და სთხოვენ ევროკავშირის წევრ სახელმწფიოებს, ინდივიდუალურად დააწესონ სანქციები.
„ევროინტეგრაციის მისწრაფებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ვალდებულება „ქართულმა ოცნებამ” ფეხქვეშ გათელა. საქართველოს უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ ევროპულ მისწრაფებებს უღალატეს. ჩვენ ჩავედით საქართველოში, რათა მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა გამოგვეხატა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. მათი ბრძოლა ნამდვილია და ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ.
ჩვენ ევროპარლამენტსა და წევრ სახელმწიფოებთან მიგვაქვს გზავნილი, რომ საჭიროა დაუყოვნებლივი ქმედებები. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები არ უნდა აღიარონ, ახალი პარლამენტი შედგა საქართველოში მოქმედი წესებისა და პროცედურების დარღვევით. ამ კონტექსტში, ახალი პრეზიდენტის არჩევნები იქნება ლეგიტიმაციას მოკლებული. ამასთან, უპრეცედენტო და მიუღებელია მოქალაქეებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ზეწოლის დონე.
ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ყველა წამყვან პოლიტიკურ ფიგურას, ვისაც წვლილი მიუძღვის დემოკრატიის უკუსვლაში, არჩევნების სერიოზულ დარღვევებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სასტიკი ძალადობის ორგანიზებაში. ჩვენ მოვუწოდებთ საბჭოს, კომისიას, რომ ამ მხრივ დაუყოვნებლივი ქმედებები განახორციელოს. ასევე, ვთხოვთ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ შემოიღონ ერთპიროვნული ინდივიდუალური სანქციები. ევროკავშირის ლიდერები უნდა ეწვიონ საქართველოს, რათა აჩვენონ სოლიდარობა და თავი შეიკავონ „ქართული ოცნების” ლიდერებსა და წარმომადგენლებთან შეხვედრისგან. ამასთან, კომისიამ და წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ უნდა გამოყონ საგანგებო დაფინანსება დამოუკიდებელი ქართული მედიისთვის და განიხილონ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი.
უნდა განიხილონ დამატებითი ეკონომიკური სანქციებიც, აშშ-ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით. როგორც ჩვენი ბოლო რეზოლუციები აჩვენებს, ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით.
მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა შეიძლება ქვეყანაში მომავალი ერთი წლის განმავლობაში ახალი არჩევნების ჩატარებით, რომელიც წარიმართება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ. ჩვენ ვითხოვთ ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, წამების შეწყვეტას და დამოუკიდებელი მედიის, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების მიმართ ზეწოლის დასრულებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
publako
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.