სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსახიობ გიორგი ნაკაშიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა
ადმინისტრაციული წესით დაკავებული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო. მოსამართლემ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა წვრილმან ხულიგნობაზე, თუმცა სამართალდამრღვევად ცნო პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე. გიორგი ნაკაშიძე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
დღევანდელ სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეებიც, მათ შორის, შსს-ს მხრიდან. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოიკითხნენ ორი პოლიციელი და მსახიობი, რეჟისორი ზურა გეწაძე. სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ კინოსა და თეატრის მსახიობები, რეჟისორები და ხელოვანი ადამიანები.
გიორგი ნაკაშიძე 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.